ლევან ვეფხვაძე საინვესტიციო მრჩევლის დანიშვნაზე: ჩვენი თუ არ სჯერათ, ამ ადამიანს მაინც დაუჯერონ
ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ინვესტიციების მიმართულებით სპეციალური მრჩევლის დანიშვნის გადაწვეტილებას დადებითად აფასებს.
ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ვაზილ ჰუდაკის დანიშვნა მთავრობას ბიზნესის საჭიროებების უკეთ შეგრძნებაში დაეხმარება.
„ხშირად ბიზნესს აქვს საკუთარი ხედვა, რომელსაც ვუზაიარებთ მთავრობას. ეს პროცესი გრძელდება თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე. ნაწილს ითვალისწინებენ, ნაწილს - არა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფუნდამენტალური საკითხები არის გასათვალისწინებელი, იმისთვის რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში. მხოლოდ რეიტინგები საკმარისი არ არის. აქ გასათვალისწინებელია ლარის კურსის სტაბილურობა, მოჭარბებული რეგულაციებიებისგან თავის შეკავება. ვფიქრობ, კარგი ბეგრაუნდისა და დიდი გამოცდილების კანდიდატია შერჩეული. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მისი შეთავაზებებიც იქნება დაახლოებით ისეთი, როგორიც ბიზნესის წარმომადგენლებს გვაქვს. იქნებ, ჩვენი თუ არ სჯერათ ამ ადამიანს მაინც დაუჯერონ. ბიზნესი თვითონ არის ინვესტორი და მან კარგად იცის სად ჩადებდა ფულს და სად არ ჩადებდა. ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში საინვესტიციო ბანკირის პოზიცია ეკავა, კარგად ესმის ბიზნესის აღქმები. ახალი საინვესტიციო მრჩევლის დანიშვნა მთავრობას ბიზნესის საჭიროებების უკეთ შეგრძნებაში დაეხმარება," - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
რაც შეეხება ინვესტიციების მიმართულებით პრემიერის სპეციალური მრჩევლის მოსაზრებას ეკონომიკის გაციფრულების საჭიროებასთან დაკავშირებით, ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ციფრული მმართველობა ბიზნესს ხარჯს უმცირებს.
„ნებისმიერი ციფრული საქმის წარმოება ესაა ნაკლები ხარჯი კომპანიისთვის. ცხადია, მისვესალმები თუ ამ მიმართულებით სიარულს გავაგრძელებთ. რადგან ეს დაკავშირებულია ნაკლებ დანახარჯებთან რომელიც კონკრეტულ ტრანზაქციას შეიძლება მოსდევდეს,“ - განმარტა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი წარადგინა. პრემიერის თქმით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში მთავრობა ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე მუშაობს. წამყვანი როლი კი, უცხოურ ინვესტიციებს ექნება.