ბიზნესი
25/03/2021

ლევან ვეფხვაძე: ბიზნესი საკოორდინაციოს გადაწყვეტილებებს მედიისგან არ უნდა იგებდეს

კორონა ვირუსის მოსალოდნელი მესამე ტალღის გამო შესაძლო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ბიზნესი მთავრობასთან კონსულტაციების გავლას ითხოვს. კერძო სექტორს სურს, ჰქონდეს ინსტრუქციები, რომელსაც მდგომარეობის განვითარების შესაბამისად მიჰყვება.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს, მთავრობის მხრიდან მყისიერი გადაწყვეტილებების მიღებამ კერძო სექტორს უარყოფითი შედეგები უკვე რამდენჯერმე აჩვენა.

„წინა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მყისიერი გადაწყვეტილებები ხშირად კონტრპროდუქტიულია და პირიქით, ამძიმებს ხოლმე სიტუაციას. აქედან გამომდინარე, ახლა კონკრეტული ინდიკატორები გვჭირდება. ეს ეხება კონკრეტულ სექტორებს. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, ინფიცირების რა პროცენტულობის გამოვლენის შემდეგ რომელ სექტორს რა შეიძლება შეეხოს. პირობითად, თუ 20 000 ადამიანი ავცერით და 1 000-ს აცდა ინფიცირებულთა რაოდენობა, ეს რას ნიშნავს, რომ რაღაც შეიძლება გავაჩეროთ? უნდა ვთქვათ, რა შეიძლება გავაჩეროთ. ან ინფიცირებულთა რიცხვი 2 000-ს თუ აცდა, რა შეიძლება გავაჩეროთ. თუ იქნება გზამკვლევი, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტულ შემთხვევაში ინფიცირებულთა რაოდენობაზე მიბმული კონკრეტული სექტორების გაჩერების სამოქმედო გეგმა, რომელსაც გავყვებით და ყველას ეცოდინება, რა გველის წინ, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება. ქაოსური და მყისიერი გადაწყვეტილებები ძალიან კონტრპროდუქტიულია და პირიქით, კიდევ უფრო ამძიმებს იმ სიტუაციას, რომელიც დღეს გვაქვს“,- ამბობს ვეფხვაძე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორისთვის გაუმართლებელია, შეზღუდვების დაწესებისა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას კერძო სექტორი მედიისგან იგებდეს და არა თავად გადაწყვეტილებების მიმღები პირებისგან.

„არავინ იცის, ხვალ რამდენი ინფიცირებული გვეყოლება. აქ ამის პროგნოზებზე არაა საუბარი. უბრალოდ გვჭირდება ინდიკატორები, გარკვეული რიცხვითი მაჩვენებლები. მე რომ დღეს რომელიმე საინფორმაციო გვერდს გავხსნი და წავიკითხავ, რომ 20 000-დან არის 2 000 ინფიცირებული, უნდა ვიცოდე ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ხვალ მე დამხურავენ. ასეთი ტიპის სამოქმედო გეგმაზეა საუბარი, კრიტიკულ სიტუაციებში რას, როგორ, რამდენი ხნით და რის საფუძველზე ვაჩერებთ. ეს ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი და ბიზნესისთვის წარმოდგენილი. არ შეიძლება, ბიზნესი იჯდეს და მედიისგან იგებდეს იმას, რა გადაწყვიტა საკოორდინაციო საბჭომ მეორე დღისთვის“,- განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

მისივე თქმით, ინფორმირებულობა ბიზნესს მეტი მოქნილობის საშუალებას მისცემს, რაც შემდგომში ნაკლები ზიანის მიყენების წინაპირობა იქნება.

„როდესაც კონკრეტული ინდიკატორებია, რომ ამა და ამ მაჩვენებლებზე ჩვენ ვჩერდებით, პირველ რიგში, ყველა უფრო ფხიზლად ვართ, რადგან ვხედავთ, რომ თუ ეს აიწევს, შეიძლება კონკრეტული კომპანიებისთვის, სადაც ადამიანები არიან დასაქმებულები, ეს იყოს საკონტროლო გასროლა და საერთოდ გაჩერდეს და გაქრეს ამ ბიზნეს სუბიექტების საქმიანობა.

მეორე, თუ ადამიანი ხედავს, რომ მაღალი რისკის ბიზნესშია, შეიძლება გადაეწყოს, ან მოემზადოს. ყველაზე მთავარი, რაც ბიზნესს აწუხებს, ეს გაურკვევლობაა“,- აცხადებს ვეფხვაძე.