ბიზნესი
28/04/2021

ლევან ყარალაშვილი შეზღუდვების მოლოდინზე: დეჟავიუს განცდა გვაქვს

მორიგი შეზღუდვების გაჟღერების შემდეგ ბიზნესს გაგივჩნდა „დეჟავიუს“ განცდა, - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ „სავაჭრო ცენტრების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა განაცხადა.

ლევან ყარალაშვილის განმარტებით, ბიზნესი მესამე ლოქდაუნს ვერ გადაიტანს.

„ჩვენი თანაცხოვრება კოვიდთან ერთი წელია გრძელდება და როცა მორიგ შეზღუდვებს ვუსმენდი, მე გამახსენდა ნოემბრის თვე. მაშინ სამ მინისტრთან გვქონდა შეხვედრა. ისინი გარანტიას გვაძლევდნენ, რომ მორიგ ლოქდაუნს არ გეგმავდნენ და ამ განცხადებებიდან 24 საათში ჩავიკეტეთ. თანაც, ჩავიკეტეთ ისე, რომ მერე სამი კვირა დაგვჭირდა „ომი“ რომ ერთი კვირით გავხსნილიყავით.

1 მლნ მომმხარებელი გაატარა სავაჭრო ცენტრებმა იმ ერთ კვირაში და თანაც ისე, რომ ნეგატიური გავლენა პანდემიაზე არ მოგვიხდენია, თუმცა შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოლოდინი ისევ ნეგატიური გვაქვს, მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე.

უკვე გაჟღერდა რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იქნება. პანდემიური პრობლემები ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ ჩვენ არჩევანი გვაქვს ცუდსა და უარესს შორის. 17 000 ადამიანია დასაქმებული იმ სავაჭრო ცენტრებში რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. 2019 წელს ამ სავაჭრო ცენტრებს 3 მლრდ ლარის ბრუნვა ჰქონდა. შარშან კი ამ თანხის მესამედი. წელს გამოცოცხლება დავიწყეთ და უკვე გამოჩნდა მორიგი ლოქდაუნის ნიშნები. ამიტომაც შევშფოთდით,“ - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სააღდგომო დღესასწაულების შემდგომ ერთკვირიანი საყოველთაო უქმეები გამოცხადდა, ამავდროულად, 3 მაისიდან 12 მაისამდე კი იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც.

Businesspartner