ბიზნესი
03/05/2022

ლევან დავითაშვილი: საქართველოში სადაზღვევო სექტორის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია

სადაზღვევო ცნობადობისა და კულტურის ამაღლება - საკითხზე დაზღვევის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრეს. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, სადაზღვევო სექტორის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„გვესმის, რომ სადაზღვევო მომსახურების გარეშე ეკონომიკის ძალიან ბევრი სექტორის განვითარება უბრალოდ ვერ მოხერხდება - სათანადო, ხარისხიანი პროდუქტების, მომსახურებების გარეშე, რომელიც, რა თქმა უნდა, კერძო სექტორში უნდა ვითარდებოდეს. განვითარების სასურველი ტემპის მიღწევა თავის მხრივ დიდწილად არის დამოკიდებული შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკის გამტარებლბსა და ჩართულ მხარეებს შორის კოორდინაციაზე,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

დავითაშვილის შეფასებით, გრძელვადიანი დაზღვევის მიმართულებებს დამატებითი როლი აქვს ზოგადად ეკონომიკის განვითარებაში. მისი თქმით, სამინისტრო დღეს აქტიურად მუშაობს კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.

„ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ არ გვაქვს საკმარისად განვითარებული კაპიტალის ბაზარი, არ გვაქვს ის ინსტრუმენტები, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება. ეს, რა თქმა უნდა, ზღუდავს ჩვენი ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობას, და ამ კუთხით სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.