Lemons.ge ქალ მეწარმეებს 3 მლნ ლარით დააფინანსებს
საკონსულტაციო კომპანია Lemons.ge ქალი მეწარმეებისთვის უპრეცედენტო პროექტს იწყებს. კომპანიებს, რომელსაც ჰყავთ ქალი დამფუძნებლები ან მათი თანამშრომლების უმეტესობას წარმოადგენენ ქალბატონები, Lemons.ge ბიზნესის სტრატეგიული განვითარებისთვის საჭირო ბიუჯეტის 60% მდე თანადაფინანსებას სთავაზობს.
„პირველ ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე საინტერესო, აქტიურ, განსხვავებული ხედვის, გამორჩეულ 10 ბიზნესს დავაფინანსებთ. რისკების გარანტად ბიზნესს სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულებისთვის საჭირო ბიუჯეტის თანადაფინანსება აქვს.
ყოველთვის გვქონდა ამბიცია, რომ მარკეტინგის სფეროში ვართ ნოვატორები, ახალი ეპოქის გამოწვევებსაც ნოვატორული პროდუქტით ვპასუხობთ. პანდემიამ დაგვანახა, რომ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის ახლებური ხედვა. დღეს ყველა მარკეტერის საზრუნავია, გააკეთოს განსხვავებული, ემოციაზე ორიენტირებული, რაღაც უფრო დიდი და კომპლექსური, ვიდრე ცალკე აღებული სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებებია,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Lemons–ის გუნდმა თანადაფინანსების პროექტის დანერგვით არსებული სტერეოტიპი ინვესტირების ახალი ხედვით ჩაანაცვლა. კომპანიის 10 წლიანი მრავალმხრივი გამოცდილება მარკეტინგში, მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს გახადონ თავიანთი ბიზნესი უფრო მასშტაბური.
„თანადაფინანსების“ პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა კომპანია ფუნქციონირებდეს უწყვეტად ბოლო ორი წლის განმავლობაში, გააგზავნოს განაცხადი ელექტრონულ მისამართზე investment@lemons.ge.
Lemons–ი 2011 წლიდან ქართულ და ევროპულ ბაზარზე აქტიურად პოზიციონირებს, როგორც ბიზნეს მხარდამჭერი ინტერნეტ მარკეტინგში. 2018 წლიდან წარმატებულად ახორციელებს მსგავსი ტიპის საინვესტიციო და საკონსულტაციო პროექტებს.