ლაზი: ჩაის სექტორი მისახედია, მთავრობამ იქნებ შხამ-ქიმიკატები დაგვიფინანსოს
საქართველოში ჩაის კულტურის და ზოგადად, სექტორის მიმართ არასაკმარის ხელშეწყობაზე „ბიზნესპარტნიორთან“ ჩაი „ლაზის“ ხელმძღვანელმა გონერი სალიამ ისაუბრა.
როგორც მეწარმე აცხადებს, სახელმწიფოს აქვს ჩაის მხარდაჭერის პროგრამა, თუმცა, ეს საკმაოდ მინიმალურია და რეალურად დარგის განვითარებას არ ემსახურება. სალიას განცხადებით, კარგი იქნება თუ მთავრობა ფერმერებს ჩაის კულტურისთვის საჭირო შხამ-ქიმიკატებს ნაწილობრივ მაინც დაუფინანსებს, რადგან ადგილობრივ ფერემერებს ამის საშუალება არ აქვთ, რაც საბოლოო ჯამში, უარყოფითად ისახება ქართული ჩაის ხარისხზე.
"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჩაის სექტორი პრიორიტეტი არ არის, ჩვენს სოფლის მეურნეობას აქცენტი ღვინოზე და კახეთზე აქვს, ჩვენს ნაწილში იმდენი ყურადღება არ არის. ბევრი რამე გაკეთდა, თუმცა, დახმარება კიდევაა საჭირო. ჩაის ცოტა მეტი სჭირდება, თუ პირობითად, კახეთში მიდის 100 მილიონის დახმარება, აქ 1 მილიონიც საკმარისი იქნება," - აცხადებს სალია.
გონერი სალია აცხადებს, რომ წელს კომპანია „ლაზიში“ გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 30%-ით ნაკლები (9 ტონა) ჩაი გადამუშავდა.
„წელს პროდუქცია მოიყინა და ვერ მივიღეთ იმ ხარისხის, რასაც ველოდით, გარდა ამისა, პრობლემა იყო მუშა-ხელი. ჩვენ თუ დღეში დასაქმებულს 50 ლარს ვუხდით, თხილის კრეფაზე - 100-120 ლარს იხდიან. განსხვავება ხომ არის, ამიტომ ხალხი იქ მიდის და ჩვენთან ვერ. 50 ლარზე მეტს კი ჩვენ ფიზიკურად ვერ გადავიხდით,“ - აცხადებს სალია.
კომპანია ჩაის წალენჯიხაში აწარმოებს და პროდუქციას ძირითადად ექსპორტზე ყიდის. როგორც სალია აცხადებს, პანდემიის შედეგად ექსპორტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო. თუმცა, ამჟამად, ექსპორტი ხორციელდება ჩინეთში, უზბეკეთსა და პოლონეთში.
მისი ინფორმაციით, კომპანია წარმადობის გაზრდასაც გეგმავს, თუმცა პანდემიამ გაფართოების გეგმები დააპაუზა.