ლაურუსი: რუსეთის ბაზარი ჩვენთვის კარგი და მისაღებია
რუსეთ-უკრაინის ომის გამო, დაფნის გადამამუშავებელ საწარმო "ლაურუსს", რუსეთში პროდუქციის ექსპორტზე პრობლემა არ შექმნია.
"ლაურუსის" დირექტორი ვანო ჯალაღონია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიის წარმოებული და დაფასოებული დაფნა 100%-ით რუსეთში გადის და პროცესი არც რუსეთ-უკრაინის ომის დროს არ შეჩერებულა. ჯალაღონიას განცხადებით, კომპანია წელიწადში 207 ტონა დაფნის ფოთოლს ამზადებს და რუსეთში აგზავნის.
„რამდენიმე დღის წინაც გავაგზავნეთ პარტია, უპრობლემოდ, თუმცა გადარიცხვების საკითხია ცოტა პრობლემა და მაგაზეც გვპირდებიან, რომ ყველაფერი მოგვარდება,“ - აცხადებს ჯალაღონია.
კითხვაზე, შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ისევ გეგმავს თუ არა კომპანია რუსეთის ბაზართან თანამშრომლობის გაგრძელებას ან თუ მუშაობს სხვა ქვეყნების ბაზრების ათვისებაზე, ჯალაღონია აცხადებს, რომ თუ ბიზნესის თვალსაზრისით შევხედავთ, მათთვის ყველაზე მისაღები რუსეთის ბაზარია.
„შესყიდვის მასშტაბიდან გამომდინარე, ჩვენთვის მეზობელი ქვეყნის ბაზარი მისაღებია. გერმანიაში და პოლონეთშიც ინტერსდებიან ქართული დაფნით, თუმცა, მცირე პარტიები უნდათ,“ - აცხადებს ჯალაღონია.
"ლაურუსი“ სენაკში, სოფელ ნოსირში მდებარეობს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი შოთა წურწუმიაა, რომელიც რუსეთში ასევე კომპანია "ლაურუს სიბირს" ფლობს და მაღაზიებს სუნელ-სანელებლებითა და დაფნით ამარაგებს.
კომპანია "ლაურუსი" სენაკში, 2007 წელს დაფუძნდა. კომპანიამ პროექტში დაახლოებით 150 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა.