ბიზნესი
26/10/2021

ლაშა პაპაშვილი: Hilton Garden inn-ი რამდენიმე უცხოელ ტურისტს უკვე მასპინძლობს

თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო გაიხსნა.

პროექტის განმახორციელებლი კომპანია „რედიქს ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლაშა პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო უკვე მასპინძლობს პირველ სტუმრებს.

„დღეს პირველი დღეა და რამდენიმე უცხოელი სტუმარი უკვე განთავსდა სასტუმროში. რაც შეეხება მოლოდინს, ეს მაინც სატესტო გახსნაა, შემუშავდება გუნდი და თვეში თუ 25% მაინც დავტვირთეთ, კარგი იქნება. მომავალი წლიდან ვფიქრობთ, რომ თვეში სასტუმროში დტვირთულობა 50% მაინც იყოს,“ - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

სასტუმროს მშენებლობა უკვე თვეებია დასრულებულია, თუმცა როგორც ბიზნესმენი აცხადებდა, აქამდე პანდემიის პირობებში მის გახსნას აზრი არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, Hilton Garden inn.-ი ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა EBRD-ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე ააშენა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მლნ დოლარია. 14-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერია განთავსებული, საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზეა გათვლილი.

Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. Hilton-ის ბრენდის მეორე სასტუმრო თბილისში, სოფლის მეურნეობის სასტუმროს ყოფილ შენობაში გაიხსნება. ამავე ბრენდის ქვეშ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ბიზნესმენი დავით კოდუა.