ბიზნესი
02/05/2022

ლაშა ხუციშვილი: გადაიდგმება ნაბიჯები რომ კომპანია "ბორჯომმა" საქმიანობა გააგრძელოს

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, "ბორჯომის" დამფუძნებელთა ნაწილი სანქცირებულთა სიაშია, რაც კომპანიის საოპერაციო საქმიანობაზე აისახა. 

მისი თქმით, ნაბიჯები გადაიდგმება, რათა ქართულმა კომპანიამ საქმიანობა გააგრძელოს. 

"ბორჯომს" ნამდვილად შეექმნა პრობლემა, იქიდან გამომდინარე, რომ მისი დამფუძნებლების გარკვეული ნაწილი სანქცირებულთა სიაშია. ამან ბუნებრივია ასახვა ჰპოვა მის საოპერაციო საქმიანობაზე - შეზღუდული აქვს საპერაციო საქმიანობა ამ მიმართულებით. მუშაობა გრძელდება, იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიამ გააგრძელოს თავისუფლად ოპერირება. ყველა ნაბიჯი გადაიდგმება, რათა კომპანია "ბორჯომმა" გააგრძელოს საქმიანობა - პროდუქციის წარმოება, საოპერაციო საქმიანობა. ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული ამ კომპანიაში პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სხვადასხვა კომპანების გავლით.  

რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ახლა ბუნებრივია ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელია საჯარო გახდეს ასეთი ინფორმაციაც", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. 

შეგახსენებთ, კომპანია IDS ბორჯომი წარმოებას დროებით აჩერებს.  კომპანიაში განმარტავენ, რომ რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.