ქვეყანაში 33 ათასი ცალი ენერგოეფექტური ღუმელი დამზადდება - "ამ ღუმელს 2-ჯერ ნაკლები შეშა სჭირდება"
საქართველოში სულ მცირე 33 ათასი ერთეული ენერგოეფექტური ღუმელის დამზადება და მათი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია იგეგმება. ამ მიზნით, ქვეყანაში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამაც ხორციელდება, რომელიც ახალი კომპანიების შექმნას და შედეგად, ამ პროდუქტის წარმადობის გაზრდას ემსახურება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის კოორდინატორმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა-ECO.Georgia“-ს ფარგლებში ხორციელდება.
„ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში შეშის მოხმარება მაქსიმალურად შევამციროთ. ამ ეტაპზე, საქართველოში 11 სხვადასხვა სახეობის ენერგოეფექტურ ღუმელს, 5 კომპანია აწარმოებს. იგეგმება, რომ 2028 წლის მარტამდე, ქვეყანაში სულ მცირე 33 ათასი ერთეული ენერგოეფექტური ღუმელი დამზადდება და მათი რეალიზაცია მთლიანად საქართველოში მოხდება“, - განმარტა გიორგი ცაგარეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ენერგოეფექტურ ღუმელს, სტანდარტულისგან განსხვავებით, 2-ჯერ ნაკლები შეშა სჭირდება. გარდა ამისა, ის სხვა ტიპის საწვავსაც მოიხმარს, მათ შორის ბრიკეტებს. „სტანდარტული ღუმელების ენერგოეფექტურობა 35 პროცენტს შეადგენს მაშინ, როცა ენერგოეფექტურის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 70%-ია“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ სოფლის გავითარების სააგენტოს პროექტის კოორდინატორმა.
მისივე ინფორმაციით, ენერგოეფექტური ღუმელები განსაკუთრებით პოპულარული ევროკავშირის ქვეყნებსა და თურქეთშია. გიორგი ცაგარეიშვილი იმედოვნებს, რომ ამ ქვეყნების სიას მალე საქართველოც შეუერთდება.