ბიზნესი
02/12/2021

კურსთა შორის სხვაობა და მაღალი ინფლაცია - რატომ შეუმცირდა სადაზღვევო ინდუსტრიას მოგება

„არდის“ გენერალური დირექტორი სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგების შემცირების ძირითად მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. მათ შორისაა კურსთა შორის სხვაობიდან მიღებული შემოსავლის შემცირება და არსებული მაღალი ინფლაცია.

„კურსთა შორის სხვაობას ეფექტი ყოველთვის აქვს ნებისმიერი ბიზნესისთვის, თუმცა მარტო ეს არ არის. წმინდა მოგების შემცირებაზე გავლენას ის დეკლარირებლი, ორნიშნა ინფლაცია ახდენს, რაც ქვეყანაში გვაქვს.

ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ბიზნესის 65-70% მოდის ჯანმრთელობის დაზღვევაზე. როდესაც ქვეყანაში ინფლაცია არის ასეთი მაღალი, ეს თავისთავად ასახვას ჰპოვებს კომპანიების მომგებიანობაზე. მესამე რაც ასევე მნიშვნელოვანია, იმ ფონზე როცა ბიზნესებს გაუჭირდათ, ისინი ვერ ახერხებენ იყვნენ ისეთი გადახდისუნარიანები როგორიც ადრე იყვნენ, ეს იწვევს დებიტორული დავალიანების დაგროვებას, რომელიც ცალკე სხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული. ზოგადად, სადაზღვევო კომპანიების ჯამურ პორტფელში ორი სამი კომპანიის მოგება არის მთელი მოგების 70-80%,“ - აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიების წმინდა მოგება 14%-ითაა შემცირებული. 10 თვეში 18-მა სადაზღვევო კომპანიამ ჯამში 39,5 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.

Businesspartner