ბიზნესი
25/11/2021

კუმისი: გაზრდილი ფასის გამო, მომხმარებელი შეგვიმცირდა

მეფრინველეობის ასოციაცია კვერცხის გაყიდვების შემცირებაზე საუბრობს, მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის პანდემია და პროდუქტის გაძვირება.

ასოციაციის თავმჯდომარე და კომპანია "კუმისის" დირექტორი ზურაბ უჩუმბეგაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სექტორში კვერცხის გაყიდვა პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 15%-ით ნაკლებია, „კუმისს“ კი რეალიზაცია 10-12%-ით შეუმცირდა.

„ტურისტების შემცირებული რაოდენობის ფონზე, შემცირდა ჩვენს სექტორში გაყიდვებიც. დაგვეტყო რომ სრული დატვირთით ვერ მუშაობს HoReCa სექტორი. მომხმარებელი დაიკარგა და ფასმაც თავისი ქნა, გაყიდვებზე აისახა,“ - აცხადებს უჩუმბეგაშვილი.

მისი ინფორმაციით, „კუმისში“  ბოლოს ფასები დაახლოებით 1 თვის წინ  გადაიხედა.

„ამჟამად ჩვენი ფასი  1 ცალ კვერცხზე 27 -38 თეთრია.  დღეს ქვეყანაში მეფრინველეობის 50 ქარხანაა, აქედან ზოგიერთმა შეიძლება ბოლო რამდენიმე კვირაა მოუმატა, თუმცა ასოციაციის წევრ კომპანიებში ბოლო 1 თვეა ფასი არ შეცვლილა,“ - აცხადებს უჩუმბეგაშვილი.

მისი ინფორმაციით, გაძვირებული ხარჯის გამო სექტორი კვერცხზე ფასის ზრდას  იანვრიდან ვარაუდობს.