"კულამ" ვაკანსიები გამოაცხადა
საკონსერვო კომპანია „კულა“ ვაკანსიებს აცხადებს. როგორც „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანიამ მიმდინარე წლის სექტემბერში 4 სახეობის წარმოება დაიწყო, თუმცა, კომპანიაში კადრების სიმცირის გამო, დროებით შეაჩერა.
პროდუქტის წარმოება „რაჭული ჩირუკას“ ბრენდით დაიწყო, თუმცა, სარეალიზაციო ქსელში არ გასულა.
„კორონავირუსის პანდემიაა, ზოგი ავადაა, ზოგი იზოლაციაშია, განვიცდით კადრის სიმცირეს, კონკურსიც გამოვაცხადეთ, მაგრამ ინტერესი ნაკლებია. შევაჩერე ყველა ის პროექტი, რის დაწყებაც მინდოდა. ვაკანსიებია ძირითადად დამხმარე მუშა-ხელზე. გორის რაიონიდან გვინდა თანამშრომლები, სხვა რაიონიდან არა, რადგან აღებული ხელფასი ტრანსპორტზე ფაეხარჯებათ და რა აზრი აქვს? ვაკანსია ძირითადად დროებით პოზოციებზეა გამოცხადებული, ახალ წლამდე მაინც, ვიდრე ჩემი თანამშრომლები გამოჯანმრთელდებიან,“ - აცხადებს გოგლიძე.
მისი განცხადებით, კომპანიას დაახლებით 20 თანამშრომლის დამატება სჭირდება.
„კულამ“ ჩირის წარმოებისთვის გორში 1300 კვ.მეტრის ფართობზე ახალი საწარმო ააშენა. პროექტში 1.3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
კომპანიას პროდუქცია 25 ქვეყანაში გააქვს. მათ შორის, შეთავაზებაში იქნება „რაჭული ჩირუკაც“. „კულა“ ნედლეულის 95% პროცენტს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.
კომპანია 2009 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია კულას გააჩნია 5 საწარმო, აქედან, 4 მდებარეობს გორში და 1 ახალციხეში.