"კულამ" ტყლაპის წარმოება დროებით შეაჩერა
საკონსერვო კომპანიამ „კულა“ ტყლაპის წარმოება ახალ წლამდე დააპაუზა. როგორც „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანიამ მიმდინარე წლის სექტემბერში 4 სახეობის წარმოება დაიწყო, თუმცა, კომპანიაში კადრების სიმცირის გამო, დროებით შეაჩერა.
პროდუქტის წარმოება „რაჭული ჩირუკას“ ბრენდით დაიწყო, თუმცა, სარეალიზაციო ქსელში არ გასულა.
„კორონავირუსის პანდემიაა, ზოგი ავადაა, ზოგი იზოლაციაშია, ძალიან განვიცდით კადრის სიმცირეს, კონკურსიც გამოვაცხადეთ, მაგრამ არავინ მოდის. ასევე დავაპაუზე ყველა ის პროექტი, რისი დაწყებაც მინდოდა, მათ შორისააა, ჩურჩხელის წარმოება. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და ამ პროექტებს ახალი წლისთვის განვაახლებ,“ - აცხადებს გოგლიძე.
მისი ინფორმაციით, წლის ბოლომდე დაგეგმილია ჩირის წარმოების გაზრდაც, რომელიც სარეალიზაციო ქსელში იყიდება ქაღალდის შეფუთვასა და ქილებში.
„კულამ“ ჩირის წარმოებისთის გორში 1300 კვ.მეტრის ფართობზე ახალი საწარმო ააშენა. პროექტში 1.3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
კომპანიას თავისი პროდუქცია 25 ქვეყანაში გააქვს. მათ შორის, შეთავაზებაში იქნება „რაჭული ჩირუკაც“. „კულა“ ნედლეულის 95% პროცენტს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.
კომპანია 2009 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია კულას გააჩნია 5 საწარმო, აქედან, 4 მდებარეობს გორში და 1 ახალციხეში.