კულა: რუსეთის ბაზარზე სტრატეგიულად დამოკიდებულები არ ვართ
საკონსერვო კომპანიამ „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის საექსპორტო ბაზრების დაკარგვა „კულაზე“ დიდ გავლენას არ მოახდენს.
მისი მტკიცებით, კომპანიამ რუსეთში პროდუქცია მიმდინარე წლის თებერვალში გააგზავნა, ამჟამად კი თანხების ჩარიცხვის პროცესი მიმდინარეობს. როგორც გოგლიძე აღნიშნავს, გაგზავნილი ტვირთის ღირებულების ნაწილი რუსმა პარტნიორებმა უკვე ჩარიცხეს.
კომპანიას თავისი პროდუქცია 25 ქვეყანაში გააქვს, მათ შორის, რუსეთსა და უკრაინაში, რომლის ჯამური წილი 6-7%-ს არ აღემატება. გოგლიძის ინფორმაციით, შექმნილი მდგმარეობის გათვალისწინებით, კომპანიამ უკვე მოახდინა ბაზრების დივერსიფიცირება, რაც სხვა ბაზრებზე მეტი ბრუნვით გამოიხატება.
„თუ კონკრეტულ ქვეყანს ვაწვდიდით შეკვეთის გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში, ახლა მიწოდების ვადა 60 დღემდე შევამცირეთ, ბრუნვა გავზარდეთ. ჩვენ წარმოება 2008 წელს დავიწყეთ, მაშინ პირველი 5 წელი რუსეთი ჩვენს საექსპორტო ქვეყნების სიაში რუსეთი საერთოდ არ იყო. შესაბამისად, ჩვენ რუსეთის ბაზარზე სტრატეგიულად დამოკიდებულები არ ვიყავით არც მაშინ და არც ახლა. „კულა“ მუდმივად ცდილობდა ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით ემუშავა, რომლის სისწორეც მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა,“ - აცხადებს გოგლიძე.
კომპანია 2008 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია კულას გააჩნია 5 საწარმო, აქედან, 4 მდებარეობს გორში და 1 ახალციხეში.
შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა.