ბიზნესი
21/07/2023

kudos Georgia: ექსპორტიორებმა აქცენტი სტაბილურ ბაზრებზე უნდა გააკეთონ

„ის, რომ რუსეთზე დამოკიდებულება როგორც ექსპორტში, ისე იმპორტის ნაწილში იზრდება, ძალიან ცუდია.“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ kudos Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა განუცხადა.
 
ირაკლი ჟვანიას განმარტებით, ექსპორტიორებმა აქცენტი სტაბილურ ბაზრებზე უნდა გააკეთონ. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსა და ჩინეთზე.
 
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი უფრო მეტად გამოვავლინოთ და ექსპორტი ისეთ ქვეყნებში გავზარდოთ, რომელიც უფრო მეტი სტაბილურობით გამოირჩევა, ევროკავშირი იქნება ეს თუ ჩინეთი.
 
ტრადიციულ საექსპორტო დარგებში კლება იმის მანიშნებელია, რომ ახლანდელი საგარეო ვაჭრობის ზრდა გამოწვეულია ომის ფაქტორით, რადგნან ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია შეიცვალა და უფრო მეტად მოთხოვნადი გახდა საქართველოს დერეფანი.“-აღნიშნა ირაკლი ჟვანიამ.
 
ცნობისთვის, ევროკავშირში ექსპორტი მცირდება, თუკი 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ევროპის ქვეყნებში 432 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, წელს ექსპორტი 398 მილიონი დოლარი იყო.
 
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ექსპორტის ძირითადი ნაწილი, ჯამში 63% დსთ-ს ქვეყნებზე მოდიოდა, ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებლები კი მხოლოდ 13%
 
Businesspartner