ფოტო: საქართველოს ბანკი
ბიზნესი
21/07/2021

KTW 2028 წლიდან ღვინოს მხოლოდ საკუთარ ვენახებში მოყვანილი ყურძნით დაწურავს

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW) ბაზრიდან ყურძნის შესყიდვას 2028 წლამდე გეგმავს, იმ დროისათვის კი, კომპანია მოთხოვნას სრულად საკუთარი ვენახებიდან მიღებული მოსავლით დაიკმაყოფილებს.

ვენახების შეძენა - გაშენება KTW -მ 2019 წლიდან დაიწყო.

„საკუთარ ვენახებში მიღებული მოსავალი შეამცირებს კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციის თვითღირებულებას, ასევე შემცირდება ჯგუფის მიერ სესხის მოთხოვნა ყოველწლირ რთველზე საბრუნავი საშუალებისთვის. აღნიშნული ქმედებით გაიზრდება ჯგუფის მომგებიანობის უნარი, რაც მეტად კონკურენტულს გახდის მომდევნო 5 წლის განმავლობაში“, - მიიჩნევენ კომპანიაში.

2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში წერია, რომ კახეთის რეგიონში ქისის, ხიხვის, რქაწითელის, უნიბლანის, საფერავისა და კახური მწვანის ჯიშის ვაზი გაშენდება, შიდა ქართლში გორული მწვანის, ჩინურის, დანახარულის, ბუზას და შავკაპიტოს ჯიშის ვაზი, რაჭაში ალექსანდროულ-მუჯურეთულის ჯიშის ვაზი. ამასთან, KTW ჯგუფი გეგმავს საგურამოში, გორში, დუშეთის რ-ნში და იმერეთში ქართლისა და დასავლური ჯიშის ვენახების გაშენებასაც.

ჯგუფის მენეჯმენტის შეფასებით, 2019-24 წლებში ჯგუფი შეძლებს 51.6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ვენახებში. თანხა მხოლოდ 3,458 ჰა ვენახის გაშენებას ჰყოფნის, რაც KTW-ს დაგეგმილი 5,000 ჰა-ს 70%-ს შეადგენს.

„საკუთარი ვენახებიდან მიღებული ყურძენი არასაკმარისი იქნება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 2025 წლამდე, სანამ ვენახები მიაღწევენ სრულ მოსავლიანობას. ვენახები სრულ მოსავალს მხოლოდ დარგვიდან 4 წლის თავზე აღწევენ. შესაბამისად, მათი ეფექტი KTW-ს შემოსავალზე სრულფასოვნად მხოლოდ 2028 წლიდან აისახება. ამ პერიოდამდე KTW-ს მოუწევს დამატებითი ყურძნის შესყიდვა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად“, - მიიჩნევენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ KTW ჯგუფის კონსოლიდირებული ამონაგები პანდემიურ 2020 წელს 108.4 მლნ ლარი იყო. საოპერაციო მოგება 18.8 მლნ, ხოლო წმინდა ზარალი - 14 მლნ შეადგენდა.

კომპანიის ცნობით, KTW ჯგუფის ჯამური შემოსავალი 2016-2020 წლებში გაორმაგებულია, ამასთან, ბოლო ოთხ წელიწადში სექტორთან შედარებით ჯგუფი მაღალი ტემპით იზრდება, რაც განპირობებულია ღვინისა და ბრენდის ექსპორტის ზრდით. ჯგუფის საერთო მოგების მარჟა 10.8% პუნქტით შემცირდა 2015-2019 წლებში, რაც გამოწვეული იყო საქართველოში ყურძნის ფასის ზრდით და გლობალურ ბაზრებზე ღვინისა და სპირტიანი სასმელების ფასის კლებით.

რაც შეეხება პროგნოზებს, 2019-25 წლებში მოსალოდნელია ჯგუფის შემოსავლების 11.8%-იანი საშუალო წლიური ზრდა, რაც 2025 წლისთვის 76.7 მლნ აშშ დოლარის შემოსავალს გულისხმობს

Businesspartner