კრისტალი: სექტორში მომგებიანობისა და ზრდის პოზიტიური დინამიკაა
„ჯამში სექტორში, როგორც მომგებიანობის ისე ზრდის თვალსაზრისით, პოზიტიური დინამიკაა",- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა განუცხადა.
ილია რევიას განმარტებით, 2021 წელს კომპანიის აქტივებისა და პორტფელის წლიური ზრდა დაახლოებით 12%, მომგებიანობა კი - 10% იყო.
„შეიძლება ითქვას, რომ ეს ზომიერი და გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებელია,“-განმარტა ილია რევიამ.
რაც შეეხება მოლოდინებს, „კრისტალის“ უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის მოლოდინები ოპტიმისტური და ამავდროულად ფრთხილია.
„ვითვალისწინებთ გლობალურ საფრთხეებსა და რისკებს. ისეთებს, როგორიცაა პანდემიური მდგომარეობა, მაღალი ინფლაცია. ასევე რეგიონალურ ფაქტორებს, რომელიც არანაკლებ რისკიანია და აქ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე დაძაბულობას ვგულისხმობ, რაც საქართველოში ყველას გვადარდებს,“-განაცხადა ილია რევიამ.
ცნობისთვის, მიკროსაფინანსო სექტორმა 2021 წელი რეკორდულად მაღალი წმინდა მოგებით დახურა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მისოების წმინდა მოგებამ 97,8 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. 2020 წელს სექტორის წმინდა მოგება 44.8 მლნ ლარი იყო.