ბიზნესი
31/03/2022

კრიალა: 1-ლი აპრილიდან ახალი საფასო პოლიტიკა გვექნება

ქართული, ეკოლოგიურად სუფთა ჰიგიენური ქაღალდის მწარმოებელი კომპანია „კრიალას“ გენერალური დირექტორი კახა ხუციბერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ 1 აპრილიდან კომპანიის  მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი დაახლოებით  5-10%-ით გაძვირდება.

მიზეზი კომპლექსურია, მათ შორისაა, რუსეთ-უკრაინის ომი, გაძვირებული საწვავი და ა.შ.

„პანდემიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას საკმაოდ ჰქონდა გაზრდილი ხარჯები, პროდუქცია არ გაგვიძვირებია, ვითვალისწინებდით მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და ქვეყანში არსებულ ზოგად ეკონომიკურ და სოციალურ ფონს, თუმცა, ახლა, საკმაოდ გაზრდილია ჩვენი პროდუქტისთვის საჭირო ნედლეულის - ცელულოზას ფასი, რომელიც იმპორტით თურქეთიდან შემოგვაქვს. ომის გამო მასიურად იხურება ნედლეულის მწარმოებელი ქარხნები,შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე შეიქმნა დეფიციტი, რამაც ცელულოზაზე ფასის მატება გამოიწვია. წლის ჭრილში, 1 ტონა ცელულოზას ღირებულება დაახლოებით, 500 აშშ დოლარითაა გაძვირებული.

გაზრდილია საწვავის ღირებულება და ზოგადად, პროდუქციის თვითღირებულება გაიზარდა, ფასის დაჭერას ვეღარ ვახერხებთ. შესაბამისად, 1 აპრილიდან ახალი საფასო პოლიტიკა გვექნება, მოგვიწია ასე,“ - აცხადებს ხუციბერიძე.

მისი ინფორმაციით, „კრიალას“ აქტივაცია გაყიდვების კუთხით საკმაოდ მზარდია.

საწარმოში, რომელიც 60-მდე დასახელების პროდუქციას უშვებს, წარმოების მოცულობა მუდმივად მზარდია. მიმდინარე წელს კომპანია წარმადობის  50-60%-ით ზრდას გეგმავს. „კრიალას“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის კომპანია თვის ჭრილში დაახლოებით 60 ტონა ცელულოზას, ხოლო 300 ტონა მაკულატურას გადაამუშავებს.

ხუციბერიძის ინფორმაციით, „კრიალას“ პროდუქცია სრულად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ექსპორტთან დაკავშირებითაც. განიხილება, მათ შორის სომხეთის ბაზარზე შესვლაც.              

„კრიალას“ გენერალური დირექტორი  იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს ფასით უწევს კონკურენციას.

ქართული, ეკოლოგიურად სუფთა ჰიგიენური ქაღალდის მწარმოებელი კომპანია „კრიალა“ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. საწარმო თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარეობს.