კოტე გაბრიჩიძე: "მწვანე პასპორტები" 5-6 თვეში სასაცილოდ აღარ გვეყოფა
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ „მწვანე პასპორტის“ შემოღება ინდუსტრიისთვის ბევრად უფრო დიდი დარტყმაა, ვიდრე სამუშაო საათებზე შეზღუდვის შედეგად მიღებული ეფექტი.
„შვება იქნება, თუმცა, საქართველოს მოსახლეობის 70% აცრილი არ არის, გამოდის, ამ რაოდენობაზე ბიზნესი უარს ამბობს. მთელ მსოფლიოში არის საპროტესტო აქციები, თუმცა, ამას არავინ აშუქებს. ამირან გამყრელიძე კონტროლებს მედიასაც. როდისმე ქართულ მედიას უთქვამს, რომ ხორვატიაში ასობით ათასი კაცია ქუჩაში გამოსული?! ავტრალიაში, მილანში საპროტესტო გამოსვლებია, არავის უთქვამს. ამას არავინ აშუქებს, რადგან ჩვენი ყველა მედიასაშუალება არის მაინც ერთი მუჭის ქვეშ,“ - აცხადებს გაბრიჩიძე.
მისი განცხადებით, რესტორანი თავისუფალი სამეწარმეო პირია და თავად გადაწყვეტს როგორ მოიქცეს. ასოციაციებს კი კონკრეტული პოზიცია არ გვაქვს და მიგვაჩნია, რომ მწვანე პასპორტი იდეალური გამოსავალი არ არის.
„ჩვენი მთავრობა კოპირებას აკეთებს რამდენიმე უცხოური ქვეყნის გამოცდილებიდან, რომელ გამოცდილებასაც იმ ქვეყანაში ათობით და ასობით ათასიანი გამოსვლები მოჰყვება. იტალიას ბაძავენ და იქ ერთი მთავრობა ამ საპროტესტო აქციებს გადაყვა და მეორე მთავრობასაც ამხელა მიტინგებს უმართავენ. ჩვენთან იტალიის გამოცდილებას აკოპირებენ. რატომ არ აშუქებს მედიასაშუალება იმ ქვეყნებს, სადაც შეზღუდვა საერთოდ არ ყოფილა. მაგალითად, შვედეთზე რატომ არ კეთდება სიუჟეტები? რატომ? იმიტომ რომ გამყრელიძის ჩრდილი დადის ყველა მედიასაშუალების უკან,“ - აცხადებს გაბრიჩიძე.
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სარესტორნო ბიზნესში „მწვანე პასპორტები“ შედეგს არ მოიტანს. ლატარიამ რაიმე შედეგი გამოიღო? არა ხომ? ასევე გავა 5-6 თვე და ყველა სიცილით მოკვდება „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით,“ - აცხადებს გაბრიჩიძე.
კითხვაზე, რა მიაჩნია საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს შექმნილ სიტუაციაში გამოსავლად, გაბრიჩიძე აცხადებს, რომ სამი რეაქციული ადამიანი (მათ შორის, ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე) უნდა ჩამოშორდეს საკოორდინაციო საბჭოს.
„იქვე დასრულდება ყველაფერი. მედიის ერთადერთი ნიუსი არ უნდა იყოს კოვიდ პანდემია. აბსოლუტურად არასწორია მიდგომები, ვთესავთ პანიკას, ფსიქოზს, რამდენი საინტერესო ამბავი ხდება, ამას არავინ აშუქებს. მხოლოდ შუქდება დღეში 5 კაცი გარდაიცვალა თუ - 50. რატომ არ შუქდება ყოველდღიურად რამდენი ადამიანი იღუპება ავარიით, რამდენი ქალი კვდება მშობიარობის შედეგად? უბრალოდ ახლა მოდურია ნიუსის გადაცემაში 3-4 წუთი ამირან გამყრელიძეს ჰქონდეს დათმობილი, ისე ნიუსი ტრენდული არ არის. პანდემია ამ კაცმა გამოაცხადა, მთელი ფარმა ბიზნესი მის ხელშია. რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება ეს ისტერია, ეს კაცი (ამირან გამყრელიძე) მით უფრო გამდიდრდება,“ - აცხადებს გაბრიჩიძე.
შეგახსენებთ, 1-ლი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“ ტესტი, 24-საათიანი ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში. ეს არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები.