ბიზნესი
20/07/2021

კოოპერატივი "არაგველები" სპეციალიზებული მაღაზიების შექმნის ინიციატივით გამოდის

კოოპერატივი „არაგველები“ სპეციალიზებული მაღაზიების შექმნის ინიციატივით გამოდის.

გაერთიანებაში ფიქრობენ, რომ მარკეტები სადაც მხოლოდ ქართველი მეწარმეების პროდუქცია გაიყიდება პანდემიის დროს მცირე მეურნეობების გადარჩენის საუკეთესო გზაა. კოოპერატივში განმარტავენ, რომ ტურისტული ნაკადების შემცირებამ რელიზაციის პროცესი სრულად შეაჩერა და ბევრმა კომპანიამ საქმიანობა შეწყვიტა.

„მცირე მეწარმეებს საქართველოში ყველაზე მეტად რეალიზაციის პრობლემა გვაქვს. განსაკუთრებით მათ ვინც ისეთ პროდუქციას აწარმოებს, რომლებსაც ფართო მასები არ მოიხმარენ. ჩვენ მაგალითად დეკას ჩაის ვაწარმოებთ და მას შემდეგ რაც პანდემია დაიწყო მოთხოვნა პროდუქტზე თითქმის არ გვაქვს. მოგვიწია წარმოების დროებით გაჩერებაც. ვინაიდან სუპერმარკეტები და ქსელური მაღაზიები ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის „კოოპმარკეტები“ კი შესაძლებლობა იქნებოდა ეკონომიკური აქტივობის განახლების. მოგეხსენებათ პანდემიამდე იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე ღია ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები და ამის გამოცდილება არსებობს,“ - ამბობს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი „არაგველების“ გამგეობის თავმჯდომარე ნათია ფსუტური.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „არაგველები“ 5 ადგილობრივს აერთიანებს.

სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი 2014 წლიდან საქმიანობს. მისი ძირითადი საქმიანობა ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება, გადამუშავება და მცენარეული ჩაის წარმოებაა. კოოპერატივი ადგილობრივი, ველურად მზარდი მცენარეებისაგან ცხრა სახეობის მცენარეულ ჩაის აწარმოებს. ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმო დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში მდებარეობს, საწარმო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPARD) პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით გადაეცა. 2019 წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „არაგველების“ „დეკას ჩაის“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული საბჭოს მიერ „ქართული ხარისხის ნიშანი“ მიენიჭა.

Businesspartner