ბიზნესი
02/03/2021

კომპანიებს გარემოზე ზრუნვა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოუწევთ

კომპანიებს გარემოზე ზრუნვა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოუწევთ, მათ უკვე ამას კანონმდებლობა ავალდებულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სანქციები დაეკისრებათ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მიიღო.

კანონის მიზანია, გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად.

„კანონპროექტს შემოაქვს სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი. თუ საწარმოს საქმიანობის შედეგად, გარემოს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, საწარმო ვალდებულია გასწიოს ამ ზიანის გამოსასწორებლად საჭირო ხარჯები და შეასრულოს ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები, რაც მიმართული იქნება დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენაზე. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონპროექტს, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, შემოაქვს საკმაოდ მაღალი საჯარიმო სანქციები“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

საწარმოები, საქმიანობის დაწყებამდე ბიზნესი ვალდებული იქნება მოახდენენ ფინანსური გარანტიების/რესურსების მობილიზებას, რათა საქმიანობის შედეგად გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში, მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიმართული იქნება სპეციალურად შექმნილ „გარემოსდაცვითი ზიანის ფონდში“, მაგალითს კი ამ შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის ქვეყნებიდან აიღებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს საქართველო პირველი ქვეყანაა მათ შორის, რომელიც ასეთ ფონდს ქმნის.

ფონდში აკუმულირებული თანხები მოხმარდება ქვეყნის მასშტაბით, დაზიანებული ტერიტორიების აღდგენას, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას.

"გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი, მათ შორის, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, ძალაში შევა მიმდინარე წელს, ხოლო, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის გარკვეული ნაწილი 2022 წლის 1 ივლისს.