ბიზნესი
11/04/2022

კომპანია "ბუტრანამ" სიღნაღში ახალი ფერმა გახსნა

კომპანია "ბუტრანამ" სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა გახსნა. 

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" "ბუტრანას" დამფუძნებელმა ჯემალ ხატიაშვილმა  განაცხადა, ფერმის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიონი ლარია.

მისი განცხადებით, ეს არის სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსი, სადაც, ერთი მხრივ, სანაშენე მიმართულება ფუნქციონირებს, მეორე მხრივ, კი პერსონალის გადამზადება ხდება.ხატიაშვილის განცხადებით, პირველი ფერმა გაუქმდა, რადგან ძველი სტანდარტებით იყო აშენებული.

მისი განცხადებით, ამჟამად კომპანია 20 დასახელების ყველს აწარმოებს,სამომავლოდ, დაგეგმილია ასორტიმენტის 30-მდე გაზრდა. მათ შორის, უკვე იწარმოება საფერავში დაძველებული ყველი, თაფლში დავარგებული ყველი, მწვანე და წითელ პესტოში დამზადებული ყველი, თხილიანი, კენკტიანი აჯიკიანი და ა.შ.

„ასორტიმენტის ზრდა ახლა გვქონდა დაგეგმილი, თუმცა, მსოფლიოში არსებული ვითარების გამო, ვგულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომს, პროცესი დაგვიპაუზდა. მიზეზი შემცირებული ტურისტული ნაკადი და შესაბამისად,20%-ით შემცირებული გაყიდვებია.რეალიზაცია ძირითადად დამოკიდებული იყო ტურისტულ ნაკადებზე, ჩვენი მომხმარებლები იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელორუსები. ვინაიდან ეს ნაკადები შემცირდა, გაფართოების გეგმები  დაგვიპაუზდა,“-აცხადებს ხატიაშვილი.

ახალი ფერმა 10 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და სოფელ ტიბაანში  აშენდება.კომპანია ყველის გარდა,  ქვევრის ღვინოსა და სუფრის ყურძენს აწარმოებს.