ბიზნესი
11/04/2022

კომპანია "ბუტრანამ" ნედლი რძის გაყიდვა დაიწყო

კომპანიამ "ბუტრანა", რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ფერმას ფლობს, ნედლი რძის რეალიზაცია დაიწყო. 

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" "ბუტრანას" დამფუძნებელმა ჯემალ ხატიაშვილმა  განაცხადა, წლის დასაწყისიდან ფერმა გაფართოვდა და რძის წარმოებაც გაიზარდა. მისი განცხადებით, კომპანიას დაგეგმილი ჰქონდა ყველის ასორტიმენტის ზრდა, თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომმა პროცესი დააპაუზა.

„ასორტიმენტის ზრდა გვქონდა დაგეგმილი, თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომმა პროცესი გააჭიანურა. მიზეზი შემცირებული ტურისტული ნაკადი და შესაბამისად, 20%-ით შემცირებული გაყიდვებია. ჩვენი რეალიზაცია ძირითადად დამოკიდებული იყო ტურისტულ ნაკადებზე, ჩვენი მომხმარებლები იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელორუსები.

სწორედ ამ ტურისტული ნაკადების შემცირების გამო გადავადდა გაფართოების პროცესი. ამიტომ გადავწყვიტეთ, ვიდრე ყველის ასორტიმენტს გავაფართოებთ, ეს ჭარბი ნედლი რძე პირდაპირ ფერმიდან გავყიდოთ,“ - აცხადებს ხატიაშვილი.

მისივე განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ნედლი რძის საკმაოდ დიდი დეფიციტია, მოთხოვნა მაღალია. „ჩვენგან სხვა საწარმო ყიდულობს რძეს, რომელსაც საკუთარი ფერმა არ აქვს,“ - აცხადებს ხატიაშვილი.  

შეგახსენებთ, კომპანიის ახალი ფერმა 10 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და სოფელ ტიბაანში მდებარეობს. კომპანია ყველის გარდა,  ქვევრის ღვინოსა და სუფრის ყურძენს აწარმოებს.