"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ" 2020 წელი ₾9.7 მლნ-იანი ზარალით დახურა
კომპანიამ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ პანდემიური წელი ₾9.691 მლნ-იანი ზარალით დახურა, ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 4 წლის განმავლობაში (მას შემდეგ რაც კომპანია ფინანსურ ანგარიშს ანგარიშგების პორტალზე აქვეყნებს) როდესაც თემურ ჭყონიას კომპანია ზარალზე გავიდა.
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს კომპანიამ 11.887 მლნ ლარის მოგება მიიღო, 2018 წელს - 14.5 მლნ, 2017 წელს - 5.639 მლნ.
კომპანიის ანგარიშში ზარალი ფინანსური ხარჯის ზრდას (კერძოდ გაიზარდა საპროცენტო ხარჯები 3,449-ით) და ლარის გაუფასურებას უკავშირდება.
ანგარიშში ნათქვამია კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ საწარმო და ადმინისტრაციული ოფისი ნატახტარში გადაიტანა. რელოკაციამ და ქარხნის ტექნიკურმა გადაიარაღებამ კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 72 ადამიანით (366-დან 294) შეამცირა.
2020 წელს კომპანიამ 196 მლნ ლარის შემოსავლი მიიღო, წლიური ზრდა 14%-ია.
კომპანიის მთლიანი აქტივები 316 მლნ-ს შეადგენს.
ბაზრის კვლევის ანგარიშზე დაყრდნობით კომპანია აცხადებს, რომ მას 2020 წლის შედეგებით გამაგრილებელი სასმელების ბაზრის (კარბონირებული გამაგრილებელი სასმელები, მინერალური წყალი, მინერალური გაზიანი წყალი, ცივი ჩაი, ცივი ყავა, წვენები, ენერგეტიკული სასმელები) ლიდერია და უკავია 31%-იანი წილი.
კომპანია ცნობილი უალკოჰოლო სასმელს „კოკა-კოლას“ აწარმოებს. ასევე ფლობს სასტუმროს „ჯორჯიან პალას ჰოტელს“ ქობულეთში, შავი ზღვის სანაპიროზე.
The Coca-Cola Company-სთან (“TCCC“), Coca-Cola Export Corporation-სა და Sweppers Holding Limited-თან ჩამოსხმისა და სხვა შეთანხმებების შესაბამისად კომპანია TCCC-ის სავაჭრო ნიშნიან პროდუქციას აწარმოებს, ფუთავს და მის დისტრიბუციას ახორციელებს საქართველოში, ხოლო TCCC ნაწილობრივ არის პასუხისმგებელი TCCC-ის სავაჭრო ნიშნიანი ისეთი პროდუქციის მარკეტინგზე, როგორიცაა: Coca-Cola, Coca-Cola Zero, Coca-Cola Without Sugar, Fanta, Fanta Tropic, Schweppes, Sprite, Mtis by Bonaqua, Burn და Fuse Tea. TCCC ასევე პასუხისმგებელია შესაბამისი კონცენტრატებითა და სასმელებით კომპანიის მომარაგებაზე. ამასთან, კომპანიას აქვს გაყიდვის უფლება თუნუქის ქილებში ჩამოსხმული სასმელის აზერბაიჯანსა და სომხეთში. TCCC-თან პირველ შეთანხმებას ხელი მოეწერა 1993 წელს და მას შემდეგ შეთანხმების მოქმედების ვადა პერიოდულად გრძელდება (ნახევარ წელიწადში ან წელიწადში ერთხელ, დაწყებული 2008 წლიდან). 2020 წლის 31 დეკემბერს კომპანიამ მიიღო შეთანხმების მომდევნო ერთწლიანი ვადით გაგრძელება 2021 წლის 31 დეკემბრამდე.
კომპანია საქართველოში რეგისტრირებული შემდეგი შვილობილი საწარმოების მშობელი კომპანიაა: შვილობილი საწარმოს დასახლება ძირითადი საქმიანობა საკუთრება / ხმის უფლება 2020 წლის 31 დეკემბერი 2019 წლის 31 დეკემბერი
შპს „მერკური 99“ - ქონების იჯარით გაცემა - 100%
შპს „კალა ინვესტი“ - საინვესტიციო ქონების მესაკუთრე - 100%
შპს „ქობულეთი XXI“ - საინვესტიციო ქონების მესაკუთრე -100%
შპს „ქინგს ინნ“ - საინვესტიციო ქონების მესაკუთრე - 89.08%
შპს „სოლომონი 1805“ - უმოქმედო 100%
შპს „ცენტურიონი“ - უმოქმედო
2020 და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიას ფლობდა 16 ინდივიდუალური აქციონერი. კომპანიის ძირითადი აქციონერი (87.47%) და საკონტროლო პაკეტის მფლობელი თემურ ჭყონიაა. დანარჩენ აქციებს ფლობენ კომპანიის თანამშრომლები (8.04%) და სხვა პირები.