ბიზნესი
17/02/2022

"კოდალას" სათამაშოები მალე Amazon-ზე გაიყიდება

„კოდალას“ ნაწარმი მალე Amazon-ზე გაიყიდება.

ქართული წარმოების, ხის უსაფრთხო სათამაშოები საერთაშორისო პლატფორმაზე უახლოეს მომავალში განთავსდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალურ საწარმოს ამაზონის მარკეტინგული ჯგუფი თავად დაუკავშირდა.

"უნდათ, რომ უშუალოდ ჩვენი ესკიზებით დამზადებული სათამაშოები გაიტანონ. ჩვენ ასეთი გამოცდილებაც გვაქვს - ზოგჯერ დამკვეთის დიზაინს ვერგებით - ვუმზადებთ იმას, რაც თავად სურთ, მაგრამ Amazon-ის შემთხვევაში ასე არ არის და ეს ორმაგად გვახარებს. მათი მხრიდან გამოხატული ინტერესი მეტყველებს, რომ სანდოობაც გვაქვს და ავტორიტეტიც, ეს კი ჩვენთვის ძალიან ღირებული მონაპოვარია.

გვინდა, საქართველო წარმოვაჩინოთ მსოფლიო ბაზარზე და მხოლოდ ლოკალურ განვითარებაზე არ ვიფიქროთ. ჩვენი წინსვლა ავტომატურად ნიშნავს ბევრი ახალი მოთამაშის გამოჩენას. სწორედ ეს არის ჩემი კრედო", - საუბრობს „ბიზნესპარტნირთან“ კომპანიის დამფუძნებელი, კოტე სვანაძე.

„კოდალამ“ უკვე გაგზავნა სათამაშოების პროტოტიპები და პირველი ოფიციალური შეკვეთისთვის ლოგისტიკური დეტალები გვარდება. ამ ეტაპზე ექსპორტი გერმანიასა და ბრიტანეთში ხორციელდება. იგეგმება ამერიკის ბაზრიც ათვისებაც, საიდანაც ინტერესი უკვე გამოხატულია. დიდ მიზნებს წარმოების გაფართოებაც აუცილებლად დასჭირდება , ამიტომ, კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, მომდევნო 4 წლის გეგმა საწარმოს მოცულობის 15-ჯერ გაზრდას მაინც მოიაზრებს.

„კოდალა“ სოციალური საწარმოა, რომელიც ძირითადად შშმ პირებს ასაქმებს. საწარმო 2016 წლიდან ფუნქციონირებს და 200-მდე ეკომეგობრულ ხის სათამაშოს, დეკორატიულ ნაკეთობებს და საბავშვო ხის ავეჯს ამზადებს. საწარმოში სრული დატვირთვის შემთხვევაში შესაძლებელია ყოველთვიურად 8000-დან 10 000 -მდე ერთეული სათამაშოს წარმოება. პროდუქციაზე ფასები მერყეობს 5-99 ლარის ფარგლებში.