კოდა: ვცდილობთ, პროდუქცია ამ ეტაპზე არ გავაძვიროთ
მეფრინველეობის კომპანია „კოდას“ დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიამ 2021 წლის ოქტომბერში პროდუციაზე (კვერცხი, ქათამის ხორცი) ფასები გაზარდა, თუმცა, თუ მარცვლეულზე ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანიას ფასების გადახედვა ისევ მოუწევს.
„იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასი 15%-ით გაიზარდა. სიმინდი, ხორბალი რუსეთიდან შემოდის, ევროპიდან შემოდის სხვადასხვა ვიტამინი და ვაქცინა, ყოველდღიურად გვეზრდება ფასები საკვებსა და სხვა პროდუქტზე. 1 კილოგრამი მარცვლეული ღირდა 0.95 ლარი, დღეს კი 1.10 ლარი ღირს. თუ ასე გაგრძელდა ფასის მომატება მოგვიწევს, თუ მარცვლეულზე ფასები ამ დონეზე შენარჩუნდა, შევეცდებით არ გავზარდოთ პროდუქციის გასაყიდი ფასი და ამ ყველაფრის დაბალანსება მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე მოვახდინოთ. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაც დაცემულია. ეს ყველაფერი გვესმის და ვეცდებით პროდუქცია ამ ეტაპზე არ გავაძვიროთ,“ - აცხადებს ჭუჭულაშვილი.
მისივე განცხადებით, ფასზე ზეწოლას ელექტროენერგიის სუბსიდირების მოხსნაც ახდენს.
ჭუჭულაშვილის ინფორმაციით, გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებელს დაახლოებით 10%-ით ჩამორჩება და რომ არა, აჭარაში, იმპორტირებული კვერცხის დიდი რაოდენობით შემოტანა, კომპანიის რეალიზაციის მაჩვენებელი პანდემიამდელს გაუტოლდებოდა. მისივე განმარტებით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ზამთრის კურტებზე სასტუმროები კარგად მუშაობენ, რაც აისახა კიდეც „კოდას“ შემოსავლებზე.
„კოდა“ წლიური წარმადობა 65 მილიონი ცალი კვერცხია, ქათმის ხორცი კი წლის განმავლობაში 1000 ტონის ფარგლებში იწარმოება.