ბიზნესი
20/12/2021

კლუბი "მტკვარზე": ველით გახსნაზე გადაწყვეტილებას, თუ არადა დაუმორჩილებლობას ვაანონსებთ

ღამის კლუბები სააკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

კლუბი „მტკვარზე“ თანადამფუძნებელი ქეთა გაბუნია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ინდუსტრია საკმაოდ რთულ სიტუაციაშია, შესაბამისად, ცოტა დარჩა იქამდე, რომ კლუბი „მტკვარზე“ საერთოდ ვეღარ გაიხსნას.

მისი განცხადებით, თუ მთავრობა არ მიიღებს ინდუსტრიის გახსნის გადაწყვეტილებას, კლუბები  დაუმორჩლებლობას გამოაცხადებენ და 22 დეკემბერს მაინც გაიხსნებიან.

„თუ არ მოგვცეს ოფიციალურად გახსნის საშუალება, ყველა ერთად მაინც გავიხსნებით, შემდეგ გინდა ლუქი დაგვადონ და გინდა სისხლის სამართლის საქმე აღძრან. შეუძლებელია უკვე იმის ატანა, რასაც ჩვენს წინააღმდეგ ხელისუფლება აკეთებს, მერე უკვე დაუმორჩლებლობას გამოვაცხადებთ. ამდენი ხანია, თვეებია უკვე ყველაზე დამორჩილებულად მივყვებით ყველანაირ ნაბიჯს. წინასაახალწლო პერიოდში ეს მდგომარეობა თუ არ გამოვიყენეთ და შემოსავალი არ მივიღეთ, ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ უნდა დავიხუროთ.

არგუმენტად მოჰყავთ რომ ევროპაში ისევ იკეტება ღამის კულუბები. ის ავიწყდებათ, რომ იქ ისევ იკეტება და ჩვენ არც კი გავხსნილვართ 22 თვის განმავლობაში. თან დამატებითი რეგულაციები შემოდის, ეგ დახურვა არ არის,“ - აცხადებს გაბუნია.

„მტვარზე“ თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ „მწვანე პასპორტები“ ღამის კლუბებში ყველაზე კარგად გაკონტრილდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ The Cultural and Creative Industries Union of Georgia-მ გუშინ განცხადება გაავრცელა: „ჩვენ უბრალოდ სხვა სახელს ვეღარ დავარქმევთ პროცესს, რომელშიც უკვე ორი წელია ვართ, გარდა იმისა, რომ ესაა საკლუბო სცენის მიზანმიმართული განადგურება. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას სახელმწიფოს დამოკიდებულება. შესაბამისად ჩვენ მივმართავთ ყველა შესაძლო ზომას, რომ შევძლოთ კლუბების უსაფრთხო გახსნა და ჩვენი საყვარელი სივრცეების გადარჩენა.

მტკიცედ გვჯერა, რომ ერთადერთი გზა სფეროს გადარჩენისთვის არის ამ ინდუსტრიის კარების გახსნა და მათზე დაკისრებული არაპროპორციული ზომების შემსუბუქება. მკაცრი შეზღუდვების პარალელურად გვსურს შევქმნათ ალტერნატიული და უსაფრთხო დღის წესრიგი ღონისძიების მართვისა და მსვლელობის დროს გამოვლენილი რისკების მინიმუმამდე დასაყვანად.

იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმწიფოს გათავისებული აქვს ჩვენი როლი ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო რეპუტაციის, კულტურისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში, ითვალისწინებს ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა მძიმე ყოფას და სწორედ ამიტომ, სახელმწიფო, როგორც კეთილმოსურნე, იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, საკლუბო სივრცეების უსაფრთხო გახსნის მოთხოვნების შესაბამისად,“ - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ღამის კლუბები 2021 წლის 6 მარტიდან დახურულია.