კლინიკებმა ტარიფების გაანგარიშების ახალი ფორმულა შეიმუშავეს
ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე გადავიდა. სექტორის წარმომადგენლები ეკატერინე ტიკარაძესთან მორიგ შეხვედრას უახლოეს დღეებში ელოდებიან. შეხვედრაზე უნდა გაირკვეს, გაითვალისწინა თუ არა სამინისტრომ კერძო სექტორის მოთხოვნები.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ „ევექსი“ ჰოსპიტალების დირექტორი, გიორგი მინდიაშვილი განმარტავს, მთავარ საკითხად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილი ტარიფები რჩება.
„დაახლოებით თვენახევრის წინ დავიწყეთ აქტიური მუშაობა. რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, სადაც გარკვეული ინფორმაციის მიწოდება გვთხოვეს. წარვუდგინეთ ტარიფის წარმოქმნის ფორმულაც. ბოლო შეხვედრა დაახლოებით 10 დღის წინ მქონდა და რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ბოლოსკენ არიან გასულები. ველოდები, რომ უახლოეს დღეებში შევხვდებით, სადაც გავივლით შემდგომ ნაბიჯებს. რა ნაწილი გაითვალისწინეს, დაიდება თუ არა ტარიფები, როდის და ა.შ.“,- განმარტავს მინდიაშვილი.
„ევექსის“ დირექტორი იმასაც ხსნის, რას მოიცავს კერძო სექტორის მიერ შექმნილი ფორმულა, რითიც ტარიფების დადგენას ითხოვენ.
„არსებული სატარიფო პოლიტიკა უბრალოდ წლების წინ დადგენილი ტარიფებია. ამ წლების განმავლობაში გაიზარდა პროდუქციის თვითღირებულება. მაგალითად, 2021 წლის თებერვალში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ ჩვენს მაგალითზე დაახლოებით 1,5 მლნ ლარით არის გაზრდილი პროდუქციის თვითღირებულება. ეს ძირითადად სამედიცინო სახარჯი მასალების გაძვირებით არის გამოწვეული. პრობლემაა კომუნალური გადასახადებიც, რომელიც 2021 წლიდან გაძვირდა. ფორმულა კი იმას გულისხმობს, რომ როდესაც იცვლება პროდუქციის თვითღირებულება, ეს იქნება მომატება, თუ დაკლება, ეს ავტომატურად აისახოს ტარიფზე. რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდულობით და არა ყოველდღიურად.
ფორმულის მთავარი ლოგიკა ასევე ისიც არის, რომ ის გამჭვირვალეა. თითოეული პუნქტი, საიდან მოდის, რასთან არის დაკავშირებული, რისგან შედგება, რატომ ამდენი ხარჯი, ყველაფერი ძალიან გამჭვირვალედ არის მიბმული თითოეულ პუნქტზე. კითხვის ნიშანი არავის გაუჩნდება. ხშირად მსმენია, რომ კლინიკებს არაპირდაპირი ხარჯი აქვთ, არარეალურად დიდი და ა.შ. პანდორას ყუთივით ამოუხსნელი რაღაც არის. სწორედ ამას გულისხმობს ფორმულა. მისი დადების შემთხვევაში არავის კითხვა არ გაუჩნდება, რომ რამე არის ან ფარული, ან ამოუხსნელი, ან დიდი, ან ცოტა“,- განმარტავს მინდიაშვილი.
ის აქვე ამბობს, რომ მართალია კლინიკებს ელექტროენერგია არ დაუსუბსიდირდებათ, თუმცა ეს ხარჯი შეცვლილ ტარიფში აისახება.
„რაც შეეხება ელექტროენერგიის სუბსიდირებას. პირდაპირი სუბსიდირება არ იქნება, თუმცა ის აისახება ტარიფში. ეს სწორია და ამას მივესალმებით. ამავე შეთანხმების ნაწილია შემდეგ, რომ ყოველ წელიწადში, ან ორ წელში ერთხელ ფორმულით მიერ მიღებული ტარიფების ინფლაციაზე მიბმული ინდექსაცია. თუ ეს შეთანხმება შედგა, ეს პრობლემას გრძელვადიანაც მოაგვარებს“,- ამბობს „ევექსი“ ჰოსპიტალების დირექტორი.