ბიზნესი
11/02/2023

კირკე: ხელნაკეთ სამკურნალო საპნებზე მოთხოვნა მზარდია

საპნის შექმნის ისტორია საუკუნეებს ითვლის, კაცობრიობამ დიდი გზა განვლო სანამ საპონს სათანადდ დააფასებდა, მას ხომ დიდი წვლილი შეაქვს არა მხოლოდ პირადი ჯანმრთელობის, არამედ საზოგადოებრივი უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

დროსთან ერთად დაიხვეწა და შეიცვალა საპნის დანიშნულება, უფრო მრავალფეროვანი გახდა და ახლა მხოლოდ ჰიგიენურ საშაულებასთან აღარ ასოცირდება.

ბოლო დროს საქართველოში ხელნაკეთი საპნის მწარმოებლები გამოჩნდენ, რომლებიც მომხმარებლებს არა მხოლოდ სურნელოვან, ფერად და ლამაზ პროდუქტს, არამედ სამკურნალო თვისებებით გაჯერებულ საპნებს სთავაზობენ.

"კირკეს" დამფუძნებელი ნანა თავხელიძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ კონკურენციამ მოიმატა და ბაზარზე ბევრი კომპანია გამოჩნდა, რომელიც ნატურალური საპნის დამზაადებითაა დაინტერესებული.

"ბაზარი არ იყო მზად ასეთი პროდუქტი მიეღო, რადგან ძვირადღირებული პროდუქტია, ნედლეული საკმაოდ ძვირია, ხელით მზადდება, შესაბამისად,  შრომატევადი და დროში გაჭიანურებული პროცესია. თუმცა, ნელ-ნელა მოსახლეობის ცნობიერება გაიზარდა, რაც გაყიდვებზეც აისახა და რეალიზაციის მზარდი ტენდენცია გავქვს. თავიდანვე, როცა დავიწყე ამ კუთხით მუშაობა, ვცდილობდი, რომ სამკურნალო მიმართულება მქონოდა ბოლომდე."-აცხადებს "კირკეს" დამფუძნებელი.

საპნის დამზადების ტექნოლოგია სხვადასხვანაირია, პროდუქტი შეიძლება მივიღოთ ცივი დამზადების წესით, ან ცხელი, რა დროსაც ნედლეულის თერმულ დამუშავებას რამდენიმე საათი სჭირდება.

"ცივი მეთოდის შემთხვევაში საპონი მზადდება ჩასხმიდან, დაჭრიდან 4-5 კვირის შემდეგ, ხოლო ცხელი მეთოდის შემთხვევაში, მთელი დღე ხარშვის შემდეგ უკვე შესაძლებელია პროდუქტის გამოყენება. ამასთან, მნისვნელოვანია ყველაფერი გამართული ტექნოლოგიით გაკეთდეს. მაგალითად, რძეზე დამზადებული საპნები არ შეიძლება მაღალ ტემპერატურაზე ავიდეს. ღვინის საპნის შემთხვევაში კი ალკოჰოლი სრულად უნდა აორთქლდეს."-ამბობს ნანა თავხელიძე.

სამომავლოდ საწარმოს გაფართოება და თბილისიდან ქალაქგარეთ გადატანა იგეგმება. ამასთან, იქედან გამომდინარე, რომ წარმოებაში უამრავი საკმურნალო მცენარე გამოიყენება, კომპანიის მიზანია ხელნაკეთი საპნებისთვის თუ კოსმეტიკური საშუალებებისთვის საჭირო მცენარეები ადგილზე მოიყვანოს და თავისივე პროდუქტების დასამზადებლად გამოიყენოს.

ცნობისთვის, "კირკე" 2018 წლიდან მომხმარებლებს ნატურალურ, ბიოდეგრადირებად საპნების 30-35 სახეობას და კოსმეტიკურ საშუალებებს სთავაზობს. პროდუქცია ქიმიური დანამატების გარეშე, ხელით მზადდება.