ბიზნესი
20/01/2022

"ქიმერიონის" 49%-იანი წილის შესყიდვით ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდნენ

ღვინის მწარმოებელი კომპანია „ქიმერიონის“ 49%-იანი წილის შესყიდვით ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდნენ.

კომპანიის წილი 20 მლნ დოლარად იყიდება, ინვესტორს კი „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს. გასაყიდად გამოტანილია კომპანიის საკუთრებაში არსებული ქარხანა და 100 ჰექტარი  ვენახი.

როგორც „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განუცხადა, “ქიმერიონი“ ინვესტორს კომპანიის განვითარებისთვის ეძებს.

„ინვესტირებული თანხა  უმთავრესად საწარმოს განვითარებაში, კონკრეტულ ბიზნესგეგმაში რეინვესტიციის ფორმით ჩაიდება. ეს კი  გაზრდის შემოსავალს და გაზრდის საწარმოს საბაზრო ღირებულებას,“ - აცხადებს ბოკერია.

„ქიმერიონის“ ქარხანა გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში მდებარეობს. კომპანია რამდენიმე დასახელების ღვინოს აწარმოებს, მათ შორისაა, მუკუზანი, საფერავი, ქინძმარაული, ახაშენი, ალაზნის ველი, ფიროსმანი, როზე და სხვა.

„საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ "ქიმერიონის" გარდა ცდილობს გაყიდოს Georgian Airways-ი და „რიყის დოქები“. ის არის საერთაშორისო ბიზნეს ბროკერთა გაერთიანების კორპორატიული წევრი www.ibba.org, რომლის მთავარი ოფისი ამერიკაშია. „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ კერძო სექტორის საერთაშორისო ინვესტორებს ამერიკის და ევროპის ბიზნეს ბროკერთა პროფეიონალური ქსელის მეშვეობით იზიდავს.

 

 

Businesspartner