ბიზნესი
20/02/2023

"ხშირად, კურიერები და მძღოლები შრომითი უფლებებით ვერ სარგებლობენ"

ანაზღაურებადი შვებულება, დაზღვევა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება, და სხვა -  ეს იმ უფლებების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც კურიერები და მძღოლები ხშირად ვერ სარგებლობენ.

"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში" აცხადებენ, რომ კურიერებს და მძღოლებს სტრესულ გარემოში უწევთ მუშაობა და აუცილებელია მოლაპარაკებების საფუძველზე მოხდეს მათი უსაფრთხოების, ანაზღაურებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების რეგულირება.

"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების" თავმჯდომარის მოადგილე თამარ სურმავა  აცხადებს,რომ  სექტორში დასაქმებულებისთვის ერთ-ერთი პრობლემა სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლება და აპლიკაციებში დაბლოკვაა.

"დღეის მდგომარეობითაც კურიერების დიდი ნაწილი გამოხატავს პროტესტს მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით და ბუნებრივია, პროფკავშირების გაერთიანება სოლიდარულია ამის მიმართ.

სექტორში მომუშავე ადამიანებთან, კურიერები აფორმებენ ე.წ. მომსახურების ხელშეკრულებებს, მათ არ უწოდებენ დასაქმებულებს. ეს ადამიანები მოხსენიებულნი არიან ხელშეკრულებაში, როგორც კონტრაქტორები, პარტნიორები, კურიერები და მძღოლები. 

თავად დოკუმენტში მითითებული და განმარტებულია, რომ აღნიშნული თანამშრომლობა არ ითვალისწინებს შრომით ხელშეკრულებას, შესაბამისად, კურიერები და მძღოლები ვერ სარგებლობენ იმ მინიმალური სოციალური გარანტიებით, რომელსაც შრომის კადნონმდებლობა განსაზღვრავს,"-აცხადებს თამარ სურმავა.