"ხორბლის იმპორტი თუ ფქვილით სრულად ჩანაცვლდა, ცუდ შედეგს მივიღებთ"
საქართველოში ხორბლის იმპორტი თუ სრულად ფქვილის იმპორტით ჩანაცვლდა, ცუდ შედეგებამდე მივალთ, - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია "ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ (ყოფილი "აგრიკომი") დირექტორი ქეთი კუბლაშვილი.
მისი განმარტებით, უკვე დაიხურა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წისკვილკომბინატი, მას მოყვება სხვა დანარჩენიც.
„ხორბალი არის სასურსათო უსაფრთხოების პროდუქტი, მას შენახვის დიდი ვადა აქვს, 1-2 წელიც კი. ფქვილის შენახვა შეუძლებელია, ფუჭდება და არცერთი ქვეყანა, სასურსათო უსაფრთხოების მიზნით მარაგს ფქვილში არ აკეთებს,“ - აცხადებს კუბლაშვილი.
მისივე განმარტებით, დარგი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კონსულტაციებს აწარმოებს. კუბლაშვილი იმედოვნებს, რომ უწყებას ესმის რა მძიმე ვითარებაშია დარგი და გაითვალისწინებს ბიზნესის ინტერესებს.
შეგახსენებთ, დაახლოებით ბოლო წელიწადნახევარია საქართველოში ფქვილის იმპორტის ზრდის გამო წისქვილკომბინატების ნაწილს პრობლემები ექმნება და იხურება. მიზეზი არაკონკურენტული გარემოა, რომელიც ძირითადი იმპორტიორის რუსეთის მიერ ხორბალზე შემოღებულმა ე.წ მცურავმა ბაჟმა შექმნა.