ბიზნესი
22/09/2021

ხობში ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხანა 2022 წლის ბოლოს ამოქმედდება

ხობში, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხანა 2022 წლის ბოლოს ამოქმედდება.

როგორც კომპანია „ნადი გრუპის“ დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, უკვე დასრულებულია პროექტირების ეტაპი, მუშაობა  მიმდინარეობს სამშენებლო ნებართვების მიღებაზე.

მისი ინფორმაციით, კომპანია „ნადი გრუპი“ ქარხნის მშენებლობას 1-2 თვეში დაიწყებს.

ნადარაიას ინფორმაციით, ახალი ქარხნის წლიური წარმადობა წელიწადში 1000 ტონა იქნება, საწყის ეტაპზე კი კომპანია წელიწადში 200-300 ტონა ლოკოკინას გადაამუშავებს.

მისი ინფორმაცით, ქარხნის ამოქმედების შემდეგ დაგეგმილია ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების წარმოება, რომელიც გაიყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საფრანგეთში. დაგეგმილია, ფარმაცევტული  და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანიებისთვის საჭირო  ნედლეულის წარმოებაც. საუბარია, ლოკოკინის ლორწოზე, რომელსაც სამედიცინო დანიშნულება აქვს. 

„ნადი გრუპი“ ხობში ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობაში 2 მლნ ევროს ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ქარხანა 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება. პროექტი ითვალისწინებს ლოკოკინის ხორცის გადამუშავებას, ესკარგოების წარმოებას.

კომპანიის საკუთრებაშია 6 ჰექატრზე გაშენებული ლოკოკინას ფერმა, სადაც წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინის ხორცი იწარმოება. ევროპის ბაზარზე ამ დროისთვის 1 კგ ლოკოკინის ფასი 3-5 ევრო.

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ გასულ წელს შეიქმნა. ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით 1,26 მლნ ლარი მიიღო.

გასული წლის შემოდგომიდან კომპანიამ ცოცხალი ლოკოკინის ექსპორტი იტალიაში დაიწყო.