ხმარებიდან ამოღებული ავტომობილების ნარჩენების მართვა - ახალი რეგულაცია ბიზნესს
2021 წლის 1-ელი დეკემბრიდან ბიზნესისთვის კიდევ ერთი დამატებითი რეგულაცია ამოქმედდება. უკვე დაწყებულია მუშაობა პროექტზე, რომელიც მწარმოებლებს და იმპორტიორებს ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის ვალდებულებებს უწესებს.
საქართველოში წელიწადში დაახლოებით, 15 000 ტონამდე ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტი საშუალებების ნარჩენი წარმოიქმნება, რომელიც სახიფათო ნივთიერებებს შეიცავს. თუმცა, ნარჩენების მინიმიზაციას არა მხოლოდ გარემოსდაცვითი, ასევე დიდი ეკონომიკური სარგებელიც აქვს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე "ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ახალი რეგლამენტი იმ კერძო პირებს ეხებათ, ვისაც სულ მცირე 10 ავტოსატრანსპორტო საშუალება ჰყავს, ან მათ იმპორტს ახორციელებს.
სოლომონ პავლიაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში თითოეული მწარმოებელი და იმპორტიორი ვალდებულია სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირდეს 2022 წლის 1-ელ ივნისამდე და ინფორმაცია შეიტანოს მის მიერ ბაზარზე ყოველწლიურად განთავსებული პროდუქტის სახეობის შესახებ.
"იმ შემთხვევაში თუ მანქანა გამოყენებისთვის უვარგისია, ასეთ დროს რეგლამენტი ითვალისწინებს რეგისტრაციიდან მის მოხსნას და სპეციალურ ცნობას მისი განადგურების თაობაზე. საქართველოში ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვისთვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიზანშეწონილობა აგრეთვე განპირობებულია დღეის მდგომარეობით ამ სფეროში არსებული სირთულეებითა და გამოწვევებით. საქართველოში წელიწადში 13 000-დან 15 000 ტონამდე ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენი წარმოიქმნება რომელთა სათანადო მართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების კომპონენტების 3-დან 4 %-მდე სახიფათო ნივთიერებების შემცველია. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულნი იქნებიან გაიღონ გარკვეული ფინანსური ხარჯი მათი პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების მართვისთვის. ამ მიზნით, თითოეული მწარმოებელი შეიტანს ე.წ. რეციკლირების წინასწარ შენატანს, საქართველოს ბაზარზე მის მიერ განთავსებული პროდუქტის სახეობისა და რაოდენობის შესაბამისად. ამავე დროს მათ შესაძლებლობა მიეცემათ, ეს დანახარჯი ნაწილობრივ აინაზღაურონ ხელმეორედ გამოყენებული და აღდგენილი კომპონენტების ღირებულებიდან. ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენები შეიცავს ძვირფას მასალებს, მათ შორის დაახლოებით 70% ფერად და 5-6% შავ ლითონებს, რაც რეციკლირების შემდგომ ნედლეულის წყაროდ გამოიყენება,“ - განაცხადა პავლიაშვილმა.
პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე ბიზნესი ხელისუფლებას უკვე არსებული რეგულაციების შემსუბუქებას სთხოვს. "ბიზნესპარტნიორი“ დაინტერესდა, ახალი რეგულაცია ხომ არ იქნება ბიზნესისთვის დამატებითი ფინანსური წნეხი, რაზეც "ნარჩენების მართვის ასოციაციაში“ განგვიმარტეს, რომ სხვა რეგულაციებისგან განსხვავებით, ეს მცირე ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 900 000-მდე ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, რომლის 75% ნაგავსაყრელზე ხვდება. ნარჩენების მართვა გამოწვევად რჩება არა მხოლოდ საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში. არადა, შესაძლებელია ამ ნარჩენების ისევ ეკონომიკაში ჩაბრუნება. თუმცა, კერძო სექტორის გარკვეული ნაწილი წარმატებით ახორციელებს ნარჩენების გადამუშავებით ახალი პროდუქტის წარმოებას. ერთ-ერთი ასეთი საწარმოა "კრიალა“.
"ჩვენი საწარმო დაახლოებით, 150-200 ტონამდე ნარჩენს ყიდულობს სხვადასხვა კომპანიისგან. ის, რაც სხვა საწარმოებისთვის ნარჩენია, ჩვენთვის ნედლეულია. გადავამუშავებთ ამ ნედლეულს და მზა პროდუქტის სახით ჰიგიენურ ქაღალდებს ვაწარმოებთ. სიამაყით ვამბობ, რომ "კრიალა“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საწარმოა საქართველოში, დიდი ოდენობით ნარჩენების გადამუშავების თვალსაზრისით. საწარმოში ამ ეტაპზე 150 ადამიანია დასაქმებული,“ - განაცხადა "კრიალას" კორპორატიული გაყიდვების მენეჯერმა, მიხეილ ხუციშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ცირკულარული ეკონომიკა, 4.5 ტრილიონი დოლარის ეკონომიკურ შესაძლებლობას სთავაზობს მსოფლიოს, ბიზნესის ზრდის სტიმულირების მიმართულებით. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2021 წლიდან ქვეყანაში აქტიური ნაბიჯები გადაიდგმება ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადასასვლელად.