ხელნაკეთი საპნების და კოსმეტიკის ქართული ბრენდი Kirke წარმოების გაფართოებას გეგმავს
ქართული ბრენდი Kirke წარმოების გაფართოებას გეგმავს.
Kirke მომხმარებლებს ნატურალურ, ბიოდეგრადირებად საპნებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს სთავაზობს. პროდუქცია ქიმიური დანამატების გარეშე, ხელით მზადდება.
კომპანიამ ახლახანს „აწარმოე საქართველოს“ 20 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა. Kirke–ს დამფუძნებელი ნანა თავხელიძე “ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ მიღებულ გრანტს წარმოების გაფართოებასა და პროდუქციის დიზაინის დასახვეწად გამოიყენებს.
„წარმოების გაფართოება გულისხომბს სამუშაო ინვენტარის განახლებასაც, ეს არის საპნის ფორმები, მრავალსიმიანი საჭრელები, კოსმეტიკის დასამზადებელი დანადგარები, ასევე საშრობი თაროები და სხვა საჭირო ინვენტარი, რომ ჩემს საკუთრებაში არსებული ფართი ვაქციო სახელოსნოდ, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ჩვენი პროდუქცია სამეწარმეო მარკეტებზე იყიდება, შესაბამისად ვგეგმავთ თანამშრომლების დამატებასაც. წარმოების გაფართოებით, კორპორატიული შეკვეთების რიცხვიც გაიზრდება, რომელებსაც უფრო სწრაფად გავაკეთებთ, ვიდრე აქამდე," – აღნიშნავს ნანა თავხელიძე.
ამ ეტაპზე Kirke–ს ბრენდის ქვეშ არსებული პროდუქციის ექსპორტზე გატანა არ ხდება, თუმცა კომპანიას ყავს აქტიური დამკვეთი ვირის რძის საპნების 10 მდე სახეობისა, რომლებიც საპნის რეალიზებას უცხოეთში ახდენენ.
Kirke ტანისა და სახის სამკურნალო 15–მდე სახეობის საპონს, ასევე შამპუნებს, სახის საცხებს, ხელსა და ფეხის კრემს ამზადებს. პროდუქცია ძირითადად ქართული ნედლეულით მზადდება, რომლის შეძენა მომხმარებლებს facebook გვერდის საშუალებით შეუძლიათ.
„ვცდილობ პროდუქცია დავამზადო ქართული ნედლეულით, ვიყენებთ საქართველოში წარმოებულ ზეითუნის ზეთს, ვირის რძეს, აბრეშუმის პროეტეინს, დაფნის, ევკალიფტის, ლავანდის ეთერზეთებს, ყურძნის წიპწის ზეთს და ფქვილს და ა.შ.
ვგეგმავ საერთაშორისო ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Etsy.com-ზე განვათავსო პროდუქცია. ასევე, დიდი სურვილი მაქვს, მომავალში შევიძინო მიწის ნაკვეთი, სადაც სხვადასხვა სახეობის მცენარეებს მოყვიყვან და ჩემს ბრენდს ბიო ნედლეულით მოვამარაგებ.“– ამბობს, ბრენდის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა. ნანა თავხელიძემ ფარმაცევტულ კომპანიაში 20 წლიანი მუშაობის გამოცდილება, საკუთარი ბიზნესის შექმნისთვის გამოიყენა და 2018 წლიდან მომხმარებლებს სახისა და ტანის მოვლის ნატურალური პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.