ბიზნესი
18/03/2021

ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი Craftroom-ი არტ თერაპიის სივრცის გაკეთებას გეგმავს

ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი Craftroom სამომავლოდ სახელოსნოს გაკეთებას გეგმავს, სადაც მსურველები ხელნაკეთი ნივთების დამზადებას შეძლებენ.

კომპანიის დამფუძნებლის მარიამ ნეფარიძის თქმით, Craftroom–ი არტ თერაპიული მიზნებისთვის, ონლაინ სივრციდან რეალურ სახელოსნოში გადავა.

„დიდი სურვილი მაქვს მქონდეს მაღაზიაც და სახელოსნოც. ამ ყველაფრის წამოწყება სრულიად დამოუკიდებლად მოვახერხე, უბრალოდ იდეითა და საკუთარი მინიმალური ფინანსებით. სამომავლოდ, თუკი გაფართოება გადავწყვიტე, ვიმედოვნებ ამისთვის დაფინანსებას მოვიპოვებ. მუდმივად მაქვს ახალი იდეები და ვცდილობ, მათი განხორციელების გზები ვიპოვო.

ბავშვობიდან მიტაცებდა სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების შექმნა, თუმცა ამას ყოველთვის საკუთარი სიამოვნების მიზნით ვაკეთებდი. ნენ-ნელა მეტი ინტერესი გაჩნდა ჩემი ნაკეთობების მიმართ. ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ფეისბუქ გვერდი, სადაც უფრო ფართო აუდიტორია მეყოლებოდა. მომხმარებლებს საკმაოდ მრავალფეროვან არჩევას ვთავაზობთ: სიზმარმჭერები, სამკაულები, ბლოკნოტები, მობილურის ქეისები თუ სხვადასხვა აქსესუარები. იშვიათად შეხვდებით ერთნაირ ნივთებს. მიუხედავად იმისა, რომ Craftroom–ის მგავსი აქსესუარების დამზადება მანამდეც ხდებოდა, სანამ ამას მე დავიწყებდი, ვთვლი, რომ ჩემი ნივთები მაინც გამორჩეულია, თავისი ხარისხით, სიფერადით, მათში ჩადებული ემოციებით.“– აღნიშნავს მარიამ ნეფარიძე.

Craftroom–ის ნივთები გათვლილია, როგორც ქალბატონებზე, ასევე მამაკაცებზე. პროდუქცია ონალინ, სოციალური ქსელების საშუალებით იყიდება და ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია სხვა ქვეყნების ბაზარზე გასვლას ჯერ არ გეგმავს, თუმცა ტურისტების მხრიდან დაინტერესება დიდია. ხელნაკეთი ნამუშევრები ბერლინის ერთ-ერთ ბაზრობაზეც იყო წარმოდგენილი.

„შემოქმედებითი პროცესი ბუნებაში იწყება. ეს მხოლოდ მასალად მცენარეების შეგროვება არ არის. ბუნებისგან ვიღებ განწყობას, კანონზომიერებებს, კომპოზიციებს. შემდეგ ამ ყველაფრით დატვირთული სახელოსნოში მივდივარ და ვქმნი სხვადასხვა ნივთებს. როგორც აღვნიშნე, იმედია მეტი შსაძლებლობა მექნება ჩემი იდეების განსახორციელებლად,“ – ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.