ბიზნესი
15/05/2023

"ხალხს აღარ აქვს ფული, რომ ოქრო, როგორც ფუფუნების საგანი ისე შეიძინოს"

საერთაშორისო ბირჟებზე ოქროს გაძვირების ფონზე, ოქროსა და ოქროს ნაკეთობებზე ფასები გაზრდილია საქართველოშიც. ოქროს ბირჟის დილერები ამბობენ, რომ გაზრდილმა ფასებმა ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა და შესაბამისად, გაყიდვების მაჩვენებელი შეამცირა, რამაც ოქროთი მოვაჭრეების ეკონომიკური მდგომარეობა დაამძიმა.

დარგის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებზეც ამახვილებენ ყურადღებას და მიიჩნევენ, რომ ხალხის დიდ ნაწილს ოქროს, როგორც ფუფუნების საგნის შეძენის შესაძლებლობა ნაკლებად აქვს და მას მხოლოდ გარკვეული დღესასწაულების, ქორწილების, ნიშნობების, თუ ნათლობების დროს ყიდულობს.

„მაისში საკმაოდ გაზრდილია ოქროს ნაკეთობების ფასები. ოქროს ნაკეთობის შემთხვევაში, 1 გრამს თუ ვყიდიდით 115-120 ლარად, დღეს მისი ღირეულება იწყება 135 ლარიდან და ველოდებით ფასის კიდევ უფრო აწევას, 150 ლარამდეც კი 1 გრამის შემთხვევაში. გაზრდილი ფასების ფონზე, ცხადია, შემცირებულია გაყიდვების მაჩვენებელი. ხალხს არ აქვს ფული, რომ ოქრო, როგორც ფუფუნების საგანი ისე შეიძინოს და მას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ყიდულობს, რაც დღესასწაულებს უკავშირდება“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიოს“  „ოქროს კიდობანის“ დილერმა ალექსანდრე ბარსეგიანმა.

მისივე თქმით, ოქროს დილერებს პესიმისტური მოლოდინები აქვთ ზაფხულის სეზონთან მიმართებითაც.

„გაყიდვების კუთხით ზაფხული ისედაც პასიური პერიოდია და თუ ქვეყანაში ტურისტების დიდი ნაკადი არ შემოვიდა, რომლებიც საქართველოში ოქროს ნაკეთობების შეძენით ინტრედებიან ხოლმე, ოქროსა და ოქროს ნაკეთობების გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე კიდევ უფრო შემცირდება“, - აღნიშნა „ოქროს კიდობნის“ დილერმა.

როგორც ალექსანდრე ბარგესიანმა განმარტა, პანდემიური გამოწვევები გადალახულია, როდესაც ხალხი სახლში იჯდა და არაფერს ყიდულობდა, თუმცა, გლობალურ ბაზარზე არსებული არასტაბილური ვითარების გამო, ოქროს გაყიდვები ქვეყანაში მაინც შემცირებულია. დილერები სიტუაციის გამოსწორებას შემოდგომიდან ელიან, როდესაც ქორწილების და სხვადასხვა დღესასწაულების გამო, ოქროზე მოთხოვნა ქვეყანაში სტაბილურად იზრდება ხოლმე.

შეგახსენებთ, წინა წელთან შედარებით, ოქროს საერთაშორისო ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილია. 2022 წლის განმავლობაში ოქროს ფასები, ძირითადად, 1800 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, თუ არ ჩავთვლით გასული წლის დასაწყისს, როცა რუსეთ უკრაინის ომის დაწყების გამო, გარკვეული პერიოდი ოქროს ფასი 2000 დოლარს გადასცდა.

რაც შეეხება კიდევ უფრო ადრეულ პერიოდს, 2020 წლის დასაწყისში, პანდემიის სტარტის დროს, 1 უნცია ოქროს ღირებულება 1400 დოლარიდან 2400 დოლარამდე გაიზარდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს ოქროს ფასი 2000 დოლარს მაისის თვის შემდეგ ჩამოსცდება.

Businesspartner