ბიზნესი
25/02/2021

"კერძო სექტორს ბევრად უკეთ შეუძლია ვაქცინაციის პროცესის ორგანიზებაც და ბოლომდე მიყვანაც"

ბიზნესის ნაწილი სახელმწიფოს ვაქცინების შემოტანის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობას კიდევ ერთხელ სთხოვს.

თბილისი ცენტრალის მმართველი კომპანია GRDC Holding BV გენერალური დირექტორი, ლევან ყარალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ იმასაც ამბობს, რომ კერძო სექტორს ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკებები თავადაც დაწყებული აქვს. ჯერჯერობით არ ამბობს, კონკრეტულად რომელ კომპანიას, თუმცა განმარტავს, რომ საუბარია AstraZeneca-ს ვაქცინაზე.

„Pfizer, AstraZeneca, Johnson & Johnson კერძო კომპანიებია. შესაბამისად, კერძო კომპანია სექტორალურად უფრო ადვილად იპოვის მათთან ენას. რა თქმა უნდა, ამისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერაა საჭირო. კერძო სექტორს ბევრად უკეთესად შეუძლია ამ პროცესის ორგანიზებაც, გაშლაც და ბოლომდე მიყვანაც. ჩვენი ქვეყნის მოცულობისა და ვაქცინის დოზის საშუალო ღირებულებიდან გამომდინარე ეს არ არის ძალიან დიდი დოზა. მაგალითად, ჩვენი ჯგუფი და სხვა სავაჭრო ცენტრები, მზად ვართ გადავიხადოთ თანხა ჩვენი თანამშრომლებისთვის ამ ვაქცინის მისაღებად. ეს სივრცე არსებობს. პირდაპირ გეტყვით, რომ კერძო სექტორთან ასეთი კომუნიკაცია მიდის. ვნახოთ, რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი“,- აღნიშნა ყარალაშვილმა.

მისივე თქმით, გასული წლის ზაფხულში ბიზნესს სჯეროდა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების, რომ ვაქცინის შექმნის შემდეგ საქართველო მის მიმღებთა შორის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იქნებოდა, თუმცა უშედეგოდ.

„ვაქცინაცია სწრაფი ეკონომიკური აღორძინების გასაღებია. კარგად მახსოვს ზაფხულში გაკეთებული განცხადებები, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია დაიწყებოდა. ყველანაირად განწყობილი ვიყავი და იმედიც მქონდა, რომ ასეც მოხდებოდა. სამწუხაროდ, სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. ვხედავთ, რომ ნახევარ მსოფლიოშია დაწყებული ვაქცინაცია და ჩვენ აფირიკის ქვეყნების დონეზე ვართ დარჩენილი. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც ჩვენი სავალუტო შემოსავლების 40%-მდე ტურიზმზე მოდიოდა, ვაქცინაციის სწრაფად დაწყების გარეშრ ეკონომიკური აღორძინება ვერც იმ პარამეტრებში იქნება, რაც ხელისუფლების მიერაა გაჟღერებული. ვერ იქნება ეკონომიკის 4%-იანი ზრდა, თუ ეს დროზე არ გაკეთდა და საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი არ შეიძინა“,- ამბობს ყარალაშვილი.