ბიზნესი
07/12/2020

კერძო ბაღი “ოლიმპი“: ზარალი ათობით ათასი ლარია

კერძო ბაღისა და სკოლა „ოლიმპის“ დამფუძნებელი მანუჩარ გუგეშაშვილი, “ბიზნესპარტნიორთან“  კერძო სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, რეგულაციების გამო, ბაღი სკოლასთან შედარებით, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„ძალიან ბევრმა მშობელმა გადაწყვიტა სახლში აეყვანა დამხმარე ადამიანი და კერძო ბაღში გადასახადი არ გადაეხადა. მარტიდან მოყოლებული დღემდე 1 თვეც ვერ ვიმუშავეთ. ვეცადეთ რომ მასწავლებლებისთვის 3 თვე მაინც გვეხადა ხელფასი, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. ამას ემატება საბანკო ვალდებულებები. ვართ მხოლოდ „ოლიმპის“ სკოლის იმედად, რომელის გარეშე ალბათ ბაღს ვერ შევინარჩუნებდით. ათი ათასობით ლარის ზარალზეა საუბარი. სექტემბრის თვეში რეგისტრირებული გვყავდა 90 ბავშვი, აქედან დადიოდა 35. სულ 6 ჯგუფი გვქონდა გახსნილი, რომელიც თავის თავს ინახავდა.“– აღნიშნავს მანუჩარ გუგეშაშვილი.

მისი თქმით, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, შეზღუდვები ბუნებრივია. თუმცა,  მეტი კონტროლი რომ ყოფილიყო ისეთი ბაღების მიმართ, რომელიც „კორპუსის ბინებშია“ გახსნილი, ასეთ მკაცრი შეზღუდვები ამ სექტორს არ შეეხებოდა. შესაბამისად, ისეთი მაღალი სტანდარტების მქონე ბაღი, როგორიც „ოლიმპია“ ასეთ რთულ სიტუაციაში არ აღმოჩნდებოდა.

„სახელმწიფო არ დაგვხმარებია, გარდა იმისა, რომ სიმბოლური თანხა გადაგვიხადა, ვგულისხმობ  საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შეღავათს.პერიოდულად, თანამშრომლების ტესტირებას COVID19-ზე ჩვენი სახსრებით ვახდენდით. სექტემბერში სკოლისა და ბაღის გახსნისთვის 40 ათასი ლარი დავხარჯეთ, რომ ყველა მოთხოვნა თუ რეგულაცია მაქსიმალურად დაგვეცვა და შეგვესრულებინა. მინიმალური ზარალის შემთხვევაშიც მზად ვიყავით შეგვენარჩუნებინა კადრები, მაგრამ მოგვიწია მათი უხელფასოში გაშვება. არასტაბილური მდგომარეობის გამო, ზოგიერთი თანამშრომელი წავიდა სხვა სამსახურში, სადაც უფრო დაბალი ანაზღაურება შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ სტაბილური.“–აღნიშნავს „ოლიმპის“ დამფუძნებელი.

 

 

Businesspartner