კავკასიის ავტოიმპორტი: უკრაინის წილი რეექსპორტში დაახლოებით 20%-ია
რუსეთ-უკრაინის ომმა პრობლემები საავტომობილო ბიზნესსაც შეუქმნა.
„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ უკრაინას მთლიან რეექსორტში დაახლოებით 20% ეჭირა, ომის გამო ეს ბაზარი სრულად დაიკეტა.
მისი ინფორმაციით, ჩვეულებრივ მუშაობს რეგიონში სხვა მიმართულებები და თუ არ ჩავთვლით უკრაინას, რეექსპორტის მაჩვენებელი დადებითია, გაზრდილია პანდემიამდელ მონაცემებთან შედარებით.
სურგულაძე აცხადებს, რომ „კავკასიის ავტოიმპორტი“ საქართველოს გავლით ავტომანქანების მიწოდებას ახდენს ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, მოლდოვასა და რუსეთში.
რაც შეეხება დაკარგული 20%-ის სხვა მიმართულებებეზე გადამისამართებას, სურგულაძე განმარტავს, რომ მოკლე პერიოდში ამის მოგვარება რთულია.
„ასე სწრაფად ახალი მიმართულებების დამატება ალბათ ვერ მოხდება. გვინდა, არსებული ბაზრები შევინარჩუნოთ და ველოდებით ომში უკრაინის გამარჯვებას, შემდეგ ამ ქვეყანაში ბიზნესის გაგრძელებას,“ - აცხადებს სურგულაძე.