ბიზნესი
16/03/2022

კასპის სასურსათო ქარხანა: მინის ტარის საკმარისი მარაგები გვაქვს

რუსეთ-უკრაინის ომმა ქართულ კომპანიებს მინის ტარის იმპორტის პრობლემა შეუქმნა.

„მარნეულის სასურსათო ქარხნის” და “კულას“ შემდეგ, აღნიშნულ პრობლემაზე კასპის სასურსათო ქარხანაშიც საუბრობენ.

როგორც "ბიზნესპარტნიორს"  კასპის სასურსათო ქარხნის ერთ-ერთმა დირექტორმა ოთარ მერებაშვილმა განუცხადა, კომპანია მინის ტარით რუსეთიდან და უკრაინიდან მარაგდებიდა, თუმცა, შექმნილი ვითარების გამო „კასპის სასურსათო  ქარხანა“ ალტერნატიული მიმწოდებლის მოძიების პროცესშია.

„შესაძლოა ვითანამშრომლოთ მინის ტარის ადგილობრივ მწარმოებელ კომპანია „მინასთან“, ან თურქეთიდან შემოვიტანთ. ამ დროისთვის საკმარისი მარაგები მაქვს,“ - აცხადებს მერებაშვილი.

შეგახსენებთ, კასპის საკონსერვო ქარხანა ამ დროისთვის 40-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს. მათ შორისაა, მურაბები, აჯიკები, მწნილები და ა.შ. წარმოებული პროდუქციის 50% საექსპორტოა. კომპანია ნედლეულს იბარებს როგორც ადგილობრივებისგან, ისე შიდა ქართლიდან.

კასპის საკონსერვო ქარხანა (შპს TMT) 2006 წელს, კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებდა. კომპანია აწარმოებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო   პროდუქციის ნაირსახეობებს.

დღესდღეობით TMT-ს პროდუქცია წარმოდგენილია როგორც მსხვილ სუპერმარკეტებში, ისე მსხვილ ქსელებში. 2008 წლიდან კომპანია აწარმოებს ექპორტს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, ამერიკა, აფრიკა, უკრაინა და ისრაელი.