ფოტო: კულინART
ბიზნესი
17/03/2022

"ქართული ზეთისხილის" ზეთი ჰოლანდიაში, ბრაზილიასა და საუდის არაბეთში აპრილიდან გაიყიდება

ქართული ზეთისხილის ზეთის პირველი პარტიის ექსპორტზე გატანა აპრილის ბოლოს იგეგმება.

როგორც კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი გიორგი სვანიძე აცხადებს, განიხილება პროდუქციის გატანა ჰოლანდიაში, საუდის არაბეთსა და ბრაზილიაში.

კომპანია პროდუქციის ექსპორტს რუსეთსა და უკრაინაში გეგმავდა, მოლაპარაკებებიც ბოლო ეტაპზე იყო, თუმცა, ომმა ყველაფერი დააპაუზა.

„ერთ-ერთ დიდ სადისტრიბუციო ქსელთან ვიყავით მოლაპარაკებული ხელშეკრულების დონეზე, ყველაფერი თითქმის გადაწყევტილი იყო, აპრილის ბოლოს პირველი პარტია უკრაინაში უნდა გაგვეტანა. დანარჩენ ქვეყნებთან მოლაპარაკებები გრძელდება,“ - აცხადებს სვანიძე.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის „ქართული ზეთისხილის“ მიერ წარმოებული ზეთი იყიდება თბილისის მსხვილ სავაჭრო ქსელებში, მათ შორის, „აგროჰავი“, „კარფური“, „ფრესკო“ და ასე შემდეგ.

როგორც ცნობილია, ქართული ზეთი პირველად 2016 წელს გამოჩნდა და ადგილობრივი ბაზრის 10-12% დაიკავა, დღეს კი იმპორტირებული პროდუქტის დაახლოებით 20-22% ჩანაცვლებულია.

2016 წლის 26 მარტს, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში "ქართული ზეთისხილის" გადამამუშავებელი პირველი ქარხანა გაიხსნა.

ზეთისხილის საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.

კომპანიამ „ქართული ზეთისხილი“ მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, რის შედეგედაც 300 ჰექტარზე ზეთისხილის პლანტაცია (250 ათასი ზეთისხილის ნერგი) გაშენდა.