
ქართული წარმოების ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი - "ელ +"-მა შოურუმი გახსნა
კომპანია "ელ +"-მა, რომელიც საქართველოში ცეცხლმაქრებს და ხანძრისთვის სხვა საჭირო ინვენტარს აწარმოებს, საწარმო და შოურუმი გახსნა.
კომპანია ცეცხლმაქრებს, სახანძრო კარებს, ცეცხლგამძლე კარადებს, ცეცხლმედეგ ვენტილირებად ფასადებს, მეტალის სტელაჟებსა და სხვა პროდუქციას აწარმოებს. საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებულია ევროპული სტანდარტების სამღებროც. კომპანია ცდილობს ეტაპობრივად ჩაანაცლოს იმპორტი ადგილობრივი წარმოებით. ამ ეტაპზე დასაქმებულია 200-მდე ადამიანი.
„ეს საინტერესო საწარმოა, შეიქმნა „აწარმოე საქართველოში" დახმარებით და ამზადებს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარს, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენობების ხანძრისგან დაცვასთან", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა საწარმოში სტუმრობისას.
კომპანიამ ახალი, ევროპული სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმოს შესაქმნელად დაფინანსება „აწარმოე საქართველოში", საქართველოს ბანკისა და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში მოიპოვა. კომპანიამ განახორციელა 6 მლნ ლარის ინვესტიცია, აქედან 2 მლნ ლარი „აწარმოე საქართველოს" პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ქართულ წარმოებებს ჩვენ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი. ეს შესაძლებელი იქნება ჩვენი განახლებული, გაფართოებული პროგრამის ფარგლებში, რადგან სწორედ ეს არის იმპორტის ჩამნაცვლებელი წარმოება, რომელიც იმდენად ხარისხიან ინვენტარს ამზადებს, რომ ძირითადად მოთხოვნა ჩვენი სამშენებლო კომპანიებიდან, ჩვენი ორგანიზაციებიდან სწორედ ამ ქართული წარმოების ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარსა და დანადგარებზე მოდის", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ "ელ +" ჯერ კიდევ 2005 წელს დაარსდა და სახანძრო უსაფრთხოების აპარატების და სახანძრო სიგნალების შემოტანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაიწყო. კომპანიის წარმატებებზე 2020 წელს EBRD-ი თავის ოფიციალურ გვერდზე წერდა, რომლის ამსახველი მასალა მკითხველს "ბიზნესპარტნიორმა" შესთავაზა.