“ქართული თემას“ პროექტი - ბავშვები სათამაშოებში საქართველოს ისტორიის ანიმაციას ნახავენ
საქართველოში პირველად, ბავშვებს „პირამიდების“, „ქართული კოშკის“ და „ბუს კვერცხების“ საშუალებით საქართველოს თითოეული კუთხის ისტორიის ნახვა შეეძლებათ. 30 წამიანი ანიმაცია 5 თვეში იქნება შესაძლებელი.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სათამაშოების ნაკრების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „ქართული თემას“ დამფუძნებელმა მანუჩარ ლობჟანიძემ განუცხადა, პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
„ჩვენს ყველა პროდუქციაზე დატანილი იქნება სპეციალური QR კოდი, რომელსაც მობილური ტელეფონის მიახლოებით ამოიცნობს წამკითხავი. ამის შემდეგ ბავშვს მობილურ ტელეფონშივე საქართველოს კუთხეების ანიმაციის ყურება შეეძლება. ჩვენ პირველები ვიქნებით საქართველოში, ვინც ამას გააკეთებს. „ქინდერის“ პროდუქციას აქვს ანალოგიური სერვისი“-აცხადებს ლობჟანიძე.
მისი ინფორმაციით, პროექტში დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
„ქართული თემა“ ქართულ ბაზარზე 2019 წლიდანაა და 3-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის მცირე ზომის სათამაშოების ნაკრებს საინტერესო შეფუთვით სთავაზობს. დიდი და მცირე ზომის „პირამიდებსა“ და „ქართული კოშკში“, ასევე “ბუს კვერცხებში“ მომხმარებელს ხის სათამაშოების და ტკბილეულის აღმოჩენა შეუძლია.
ლობჟანიძე აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 20%-ით გაიზარდა.