ქართული თემა: ომის გამო სათამაშოების ექსპორტის დაწყება გადაიდო
სათამაშოების ნაკრების ადგილობრივმა მწარმოებელმა კომპანიამ „ქართული თემა“ ექსპორტი დროებით გადადო. კომპანიის დამფუძნებელი მანუჩარ ლობჟანიძე აცხადებს, რომ რეგიონში მდგომარეობის დასტაბილურებამდე პროდუქციის საექსპორტო ბაზარზე გატანა რისკის შემცველია.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის საცდელი პარტია აშშ-ში უკვე გაგზავნილია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ლიეტუვასთანაც.
„უკრაინის მოვლენების გამო, ექსპორტის დაწყება გადავდეთ. ჩვენ სათამაშოების იმპორტს ვახორციელებთ და ამ თვალსაზრისიღ ჯერ პრობლემა არ შეგვქმნია, თუმცა რისკები დიდია და შეკვეთილმა პარტიამ ჩვენამდე ვერც მოაღწიოს,“ - აცხადებს ლობჟანიძე.
„ქართული თემა“ ქართულ ბაზარზე 2019 წლიდანაა და 3-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის მცირე ზომის სათამაშოების ნაკრებს საინტერესო შეფუთვით სთავაზობს. დიდი და მცირე ზომის „პირამიდებსა“ და „ქართული კოშკში“, ასევე “ბუს კვერცხებში“ მომხმარებელს ხის სათამაშოების და ტკბილეულის აღმოჩენა შეუძლია.
„პირამიდებში, კოშკებსა და ბუს კვერცხებში მოთავსებული სათამაშოები უსაფრთხოების ყველა ნორმას აკმაყოფილებს და სერტიფიცირებულია. მის იმპორტს ვახდენთ როგორც ევროპიდან, ისე ჩინეთიდან. ჩამოსულ პროდუქციას კი ჩვენ ჩვენი ბრენდის ქვეშ ვფუთავთ,“ - აცხადებს ლობჟანიძე.
რაც შეეხება ფასებს, „პირამიდა გოლიათის“ ფასი 6 ლარია, პატარა „პირამიდა“ - 3 ლარი, “კოშკი“ კი 15 ლარია,“ბუს კვერცხები“ კი 8 ლარად იყიდება.
კომპანია სათამაშოების რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. როგორც ლობჟანიძე აცხადებს, გასულ წელთან შედარებით კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 20%-ით გაიზარდა.