ქართული სტარტაპი Elven Technologies-ი Tesla-სთან თანამშრომლობას გეგმავს
ქართული სტარტაპი Elven Technologies-ი Tesla-სთან თანამშრომლობას განიხილავს.
კომპანიის თანადამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანია მეხანძრის ცეცხლგამძლე უნიფორმის მატერიით ელექტრომობილების ბატარეების შეფუთვას იწყებს.
როგორც ხერხეულიძე აცხადებს, ეს არის 40-ჯერ უფრო დიდი ბაზარია, ვიდრე - სახანძრო. მისი ინფორმაციით, სახანძრო ბაზარი წელიწადში დაახლოებით $5 მლრდ-იანია.
„ელექტრომობილებს ცეცხლი უჩნდება სპონტანურად, ყველანაირი გამომწვევი მიზეზის გარეშე. დილით სამსახურში რომ მიდიხარ, შეიძლება უცებ მანქანას ცეცხლი წაეკიდოს. ავარიების შემთხვევაში ამის ალბათობა უფრო მაღალია. კალიფორნიაში ყოფნის დროს ეს პრობლემა კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვით და დავინახეთ, რადგან იქ ელექტრომობილების რაოდენობა საკმაოდ მაღალია.
აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა არამარტო ელექტრომობილებზე ვრცელდება. მსგავსი ემართება იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ლითიუმის ბატარეა აქვს, იქნება ეს სკუტერი, ავტობუსი, ელექტროვერტმფრენი თუ მოტოციკლი. ეს არის პრობლემა, რომელსაც გავყავართ გაცილებით დიდ ბაზარზე,“ - აცხადებს ხერხეულიძე.
მისივე განცხადებით, საწყის ეტაპზე Elven Technologies-ი ამერიკულ ბაზარზე ელექტრომობილების მწარმოებელ 2 კომპანიასთან თანამშრომლობას განიხილავს, რომლის შემდეგაც არ არის გამორიცხული ქართულმა სტარტპმა ელექტრომობილების ბატარეების შეფუთვა Tesla-საც შესთავაზოს.
„ვიწყებთ ამ ორ ამერიკულ კომპანიასთან საპილოტე პროექტის ფარგლებში თანამშრომლობას. ერთ-ერთი მოტოციკლეტებს აწარმოებს და მათთან თითქმის მიღწეული გვაქვს შეთანხმება. შედარებით მოგვიანებით დაიწყება თანამშრომლობა მეორე კომპანიასთან, რომელიც ელექტროვეტმფრენებს აწარმოებს,“-აცხადებს ხერხეულიძე.
Elven Technologies-ის თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ პროექტში ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია ამ დროისთვის ფინანსური რესურსის მოძიების პროცესშია.
ინოვაციური ტექნოლოგიების კომპანია Elven Technologies-ი 2019 წლის გაზაფხულიდან მეხანძრის ცეცხლგამძლე უნიფორმის შექმნაზე მუშაობს, რომელიც აღჭურვილია შიდა გაგრილების სისტემით და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ქართული ხელწერით წარმოებული უნიფორმის ავტორები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შექმნილი კოსტიუმი მეხანძრეს დაცულობის მაღალ გარანტიას აძლევს.
მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმა სიკვდილიანობისა და დამწვრობის რისკებს ამცირებს, ამის პარალელურად კი ხანძრის მსხვერპლის გადარჩენის შესაძლებლობებს ზრდის.
Elven Technologies-ის გუნდს მიღებული აქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი და ევროსაბჭოს 30 000 ევროს გრანტი. ასევე, გუნდმა პირველი საინვესტიციო რაუნდი $160 000-ის 2020 წლის ბოლოს დახურა, რომელშიც ცხრა ინვესტორი მონაწილეობდა. მათ შორის იყო Technovate ამერიკული ვენჩურული სტუდიო Silicon Valley-დან.