ბიზნესი
13/12/2021

ქართული სტარტაპი Elven Technologies-ი SpaceX-თან თანამშრომლობას განიხილავს

ქართული სტარტაპი Elven Technologies-ი მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება. კომპანიის თანადამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ განიხილება SpaceX-თან თანამშრომლობა. 

ვამეხ ხერხეულიძის განცხადებით, კომპანია კოსმოსურ კოსტიუმზე  პარალელურ რეჟიმში მუშაობს და ამაში მეხანძრის უნიფორმის შექმნისას მიღებული გამოცდილება ეხმარება. მისი განმარტებით, ეს უნიფორმა კომპანიისთვის უნდა იყოს კომერციულად წარმატებული პირველი პროდუქტი, რათა მომავალში უფრო დიდი გეგმების განხორციელება შეძლონ. 

Elven Technologies-ი ამ დროისთვის მეხანძრის უნიფორმის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ეს იქნება მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმი, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან ხუთჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია ექნება, რომლის ანალოგი დღესდღეობით არ არსებობს. გაგრილების სისტემა მხოლოდ კოსმოსურ კოსტუმებში გამოიყენება, ხოლო მის გაუმჯობესებულ ვარიანტს მეხანძრის კოსტუმში იყენებენ.

ხერხეულიძის ინფორმაციით, Elven Technologies-ის ახალი ტექნოლოგიით შექმნილი უნიფორმა მეხანძრეს 40 წამის განმავლობაში 1200°C ტემპერატურისგან დაიცავს. ბაზარზე არსებულ უნიფორმებს იმავე ტემპერატურისგან დაცვა მხოლოდ 8 წამის განმავლობაში შეუძლიათ. კომპანიის კიდევ ერთი ინოვაცია გაგრილების სისტემის ტექნოლოგიაა, რომლის ინტეგრაციაც ასევე მეხანძრის უნიფორმაში იგეგმება. ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს საჭირო დანადგარები და მატერიa, რომ გაგრილების სისტემა პროდუქტის სახით შეიქმნას. მიუხედავად ამისა, გუნდს ტექნოლოგია უკვე საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს დახვეწილი.

პროდუქციის დამზადების შემდეგ, კომპანიას დიდი გეგმები აქვს, არამარტო საერთაშორისო ბაზარზე, არამედ კოსმოსში. ვამეხ ხერხეულიძის განცხადებით, მათი კოსტიუმი შესაძლოა პირველ ადამიანს ეცვას, რომელიც მარსზე გაფრინდება. Elven Technologies-ის თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ ეს იქნება სრული რევოლუცია. 

„დღეს მსოფლიოში სულ 4 ცალი კოსმოსური კოსტიუმი არსებობს. სულ არსებობს ორნაირი უნიფორმა, პირველი, რომელიც რაკეტის შიგნით ყოფნისას იცმევა და მეორე - ღია კოსმოსისთვის. SpaceX-ს აქვს რაკეტის შიდა კოსტიუმები, ასევე აქვს NASA-ს და Boeing-ს, მაგრამ მათ სხვა დატვირთვა აქვთ. ღია კოსმოსისთვის საჭირო უნიფორმების ტექნოლოგია აწყობილია 1960 წელს, მთვარეზე რითიც დაჯდნენ, ახლაც ის აცვიათ. მაშინ 25 აეწყო, იქიდან 21 მწყობრიდან გამოვიდა, 4-ია მხოლოდ მუშა მდგომარეობაში. NASA დღეს ახლების შექმნას ვეღარ ახერხებს.

კოსმოსური უნიფორმის შექმნა ერთ-ერთი რთული დავალებაა ტექნოლოგიურად, მათ შორის ფინანსურადაც. SpaceX-ს კი შესაბამისი თანხა და დრო არ აქვს, რადგან ამ დროს ზუსტად იმ ფულის დაგენერირებაში ხარჯავენ, რომელიც არ აქვთ,“ - აცხადებს ხერხეულიძე. 

როგორც ცნობილია, 2018 წელს ავსტრალიის ქალაქ ადელაიდეში SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა დაანონსა, რომ მარსზე ადამიანების გაგზავნას 2024 წლიდან დაიწყებდა და ის ამისთვის ახალი თაობის რაკეტას, სახელად B.F.R -ის შექმნიდა.