ბიზნესი
27/09/2022

ქართული “სადილის“ ოსტრი და მოშუშული ხორცის კონსერვი აზერბაიჯაინის ბაზარზეც გაიყიდება

ქართული “სადილის“ ოსტრი და მოშუშული ხორცის კონსერვი 1 თვეში აზერბაიჯაინის ბაზარზეც გამოჩნდება.

როგორც „ჯეო ნატურალის“ მარკეტინგის კონსულტანტი ამიკო კალანდია „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ნაწილი უკვე იყიდება კანადის და უკრაინის ბაზარზე.

„ჯეო ნატურალსმა“ ასორტიმენტი გააფართოვა. ამ ეტაპზე, დიდ ქსელურ მარკეტებში (კარფური, ფრესკო, ორი ნაბიჯი და ა.შ.) ძირითადად, მოშუშული ხორცის კონსერვები იყიდება, სექტემბრის ბოლოს კი ქსელებში ახალი გემოები შევა.

„თუ აქამდე კომპანია 12 დასახელების პროდუქციას აწარმოებდა, ახლა ეს რაოდენობა 18-მდე გაიზარდა და სარეალიზაციო ქსელში შედის. ასორტიმენტი მზა სადილის კუთხით უფრო გამარავალფეროვნდა.  მათ შორის, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მზა ფორმით საცივი, ტოლმა ვაზის ფოთოლში, ოსტრი, ჩახოხბილი, ხარჩო, ფლავი, კუპატი. დამატებულია თევზიც (5 დასახელების). ყველა ეს პროდუქცია დაკონსერვებული სახით  იყიდება, რომელსაც მხოლოდ შეთბობა სჭირდება,“-აცხადებს კალანდია.

მზა სადილები 400 გრამიან თუნუქის ქილებში იყიდება, თევზის პროდუქცია კი - 160  და 240 გრამიან კონსერვებში.  მისი განცხადებით, „სადილის“ განახლებული მენიუ და პროდუქცია საშუალო სეგმენტის  მომხმარებელზეა გათვლილი.

შეგახენებთ, "ჯეო ნატურალსი“ პროდუქციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან აწარმოებს. „სადილის“ ბრენდის ქვეშ ყოველდღიურად 10 000 ქილა პროდუქტი იწარმოება. ქარხანაში დასაქმებული ადგილობრივების რიცხვი კი 70-ს აჭარბებს. საწარმო სახელმწიფოს საგრანტო კომპონენტის ბენეფიციარია.

 

Businesspartner