ბიზნესი
06/04/2022

"ქართული პურის სახლი" საფირმო მაღაზიების გახსნას გეგმავს

„ქართული პურის სახლი“ გრძელვადიან პერსპექტივაში საფირმო მაღაზიების გახსნას განიხილავს.

კომპანიის დამფუძნებელი თამთა ფრუიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ წელს პროექტი ვერ განხორციელდება, თუმცა, კომპანია სამომავლოდ ამ მიმართულებით განვითარებას აუცილებლად გეგმავს.

მისი ინფორმაციით, „ქართული პურის სახლი“ ამ დროისთვის რამდენიმე სახეობის პურს და პურპროდუქტებს აწარმოებს. მათ შორისაა, ე.წ დედას პური, ხაშის საფუარზე დამზადებული პური, ნაზუქი, კუბდარი, ხაჭაპური, ლობიანი და ა.შ.

მისი განცხადებით, პური კომპანიის წარმოებულ თონეებში ცხვება.

ფრუიძის ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება როგორც ადგილზე, ისე სუპერმარკეტების ქსელებში, მათ შორის, “ევროპროდუქტსა“ და „სპარში“. უახლოეს მომავალში შესაძლოა პროდუქტები „ნიკორაშიც“ გაიყიდოს. კომპანიას აქვს მიწოდების სერვისიც.

მისი განცხადებით, კომპანია ნედლეულს ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს, თუმცა, „ქართული პურის სახლი“ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გეგმავს ხორბალი მოიყვანოს და გადაამუშაოს.

კომპანია 2018 წელს დაფუძნდა და ამ დროისთვის 3 ობიექტს (ყაზბეგის გამზირზე,ვარანცოვზე და ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე) ფლობს. რამდენიმე თვეში კომპანია კიდევ ერთ ობიექტს, რაჭაში, ამბროლაურის რაიონში გახსნის.